სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC ) პროკურორმა ქარიმ ხანმა მოითხოვა თალიბანის ლიდერის, ჰაიბათულა ახუნდზადასა და ავღანეთის მთავარი მოსამართლე აბდულა ჰაკანის დაპატიმრების ორდერი ქალებისა და იმ ადამიანების დევნის გამო, რომლებიც არ შეესატყვისებიან თალიბანის მოლოდინებს გენდერული იდენტობისა და მისი გამოხატვის სფეროში.
ხანის განცხადებაში ნათქვამია, რომ საფუძვლიანი გამოძიების შემდეგ და შეგროვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით არსებობს გონივრული საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ახუნდზადა და ჰაკანი პასუხისმგებელნი არიან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში გენდერული ნიშნით, რომის სტატუტის მიხედვით.
ეს გულისხმობს ქალთა ფუნდამენტური უფლებების ჩამორთმევას, მათ შორის ფიზიკური ხელშეუხებლობისა და თავისუფლების, თავისუფალი გადაადგილებისა და სიტყვის თავისუფლების, განათლების, პირადი და ოჯახური ცხოვრებისა და შეკრების თავისუფლებისა.
„თალიბანისადმი წინააღმდეგობას სასტიკად ახშობდნენ და ახშობენ დანაშაულების, მათ შორის მკვლელობების, პატიმრობის, წამების, გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის სხვა ფორმების, იძულებითი გაუჩინარების და სხვა არაადამიანური ქმედებების გზით“, ნათქვამია ICC-ის პროკურორის განცხადებაში.
თალიბანი ავღანეთში 2021 წელს მოვიდა ხელისუფლებაში და მას შემდეგ ქვეყანაში ქალებს თითქმის არანაირი უფლებები არა აქვთ. იუნესკოს მონაცემებით, ავღანეთში 1,4 მილიონზე მეტი გოგონაა მოკლებული განათლების მიღების საშუალებას, რაც საფრთხეს უქმნის მთელი თაობის მომავალს.
„თალიბანმა წარმოშვა მსოფლიოში ქალთა უფლებების ყველაზე უარესი კრიზისი მას მერე, რაც ხელისუფლებაში მოვიდა“, განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა, რომელსაც ნიუ-იორკში უდევს ბინა. „თალიბანის სასტიკი მმართველობის პირობებში, ავღანელი ქალები და გოგონები თავიანთ ყველაზე უარეს კოშმარში იმყოფებიან“.
ფორუმი