Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში საჯარო ადგილებში აკრძალეს ნიქაბის ტარება


ყირგიზეთის მთავრობამ საჯარო ადგილებში აკრძალა ნიქაბის ტარება.
ყირგიზეთის მთავრობამ საჯარო ადგილებში აკრძალა ნიქაბის ტარება.

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქალებს უკრძალავს საჯარო ადგილებში ნიქაბის ტარებას. ეს ცნობა პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა. ნიქაბი არის ისლამური ტრადიციის თავსაბურავი, რომელიც მთელ სახეს ფარავს.

ამ მომენტიდან ყირგიზეთში აკრძალულია ისეთი სამოსის ტარება, რომელიც "არ იძლევა მოქალაქეთა ვინაობის იდენტიფიცირების საშუალებას". ეს წესი არ ეხება ტანსაცმელს, რომელიც დაკავშირებულია შრომის სპეციფიკასთან ან სახის სამედიცინო ჩვენებების გამო დაფარვას.

ამავე დროს, კანონი "ყირგიზეთის რესპუბლიკაში რელიგიის სფეროში ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ" კრძალავს "სხვა რწმენის მიმდევრების, რელიგიურად ნეიტრალურებისა და ათეისტების მოქცევას საკუთარ რელიგიაში"; რელიგიური რიტუალების ჩატარებას რიგ უწყებებში, მათ შორის მოხუცებულთა სახლებში, ციხეებსა და სამხედრო დანაყოფებში; რელიგიური ლიტერატურის და სხვა მასალების გავრცელებას სასწავლო დაწესებულებებში, საჯარო თავშეყრის ადგილებში.

კანონის რომელიმე პუნქტის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ათასი სომის (230 დოლარი) ოდენობით.

ყირგიზეთში 2024 წლის 26 დეკემბერს ასევე მიიღეს კანონი "რელიგიურ გაერთიანებებში რწმენის თავისუფლების შესახებ". ამ კანონის თანახმად, პირებმა, რომლებსაც საზღვარგარეთ სურთ რელიგიური განათლების მიღება, თავიანთი ვიზიტი უნდა შეუთანხმონ რელიგიის საკითხებში ყირგიზეთის სახელმწიფო კომისიას და რელიგიური ორგანიზაციის მართვის ცენტრალურ ორგანოს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG