Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ტრამპი არ გამორიცხავს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის შესაწყვეტად შეთანხმებას უნდა დასთანხმდეს. დონალდ ტრამპის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის მიღწევა სურს.

21 იანვარს თეთრ სახლში ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეთანხმებაზე უარით პუტინი რუსეთს ანგრევს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ისევე, როგორც მედიასთან 20 იანვარს გამართულ შეხვედრაზე, ხაზი გაუსვა რუსეთის ეკონომიკურ პრობლემებს და ინფლაციას და თქვა, რომ რუსეთს დიდი პრობლემები ექნება.

ამასთან, ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები არ გამორიცხა, თუ პუტინი ომის შესაწყვეტად მოლაპარაკებებზე უარს იტყვის.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საუბრები აქვთ უკრაინის პრეზიდენტთან და მალე ექნებათ რუსეთის პრეზიდენტთან.

ტრამპმა პირდაპირი პასუხი არ გასცა შეკითხვას, გააგრძელებს თუ არა აშშ უკრაინის იარაღით დახმარებას. აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი უკრაინას გაცილებით მეტად უნდა დაეხმაროს, რადგან არსებული სიტუაცია ევროპაზე უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე შეერთებულ შტატებზე.

ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 20 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს. რუბიოს არ უთქვამს, კონკრეტულად რა უნდა დათმოს, მაგალითად, უკრაინამ.

სახელმწიფო მდივნის თანახმად, ომის დასრულება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარი პრიორიტეტია.

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
  • 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
  • უკრაინა თავის მიზნად ასახელებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიების მიღებას.
  • პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG