Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის პორტმა ტარტუსმა კონტრაქტი გაწყვიტა რუსულ კომპანიასთან


ტარტუსის პორტი. სატელიტური ფოტო. 5 დეკემბერი, 2024
ტარტუსის პორტი. სატელიტური ფოტო. 5 დეკემბერი, 2024

სირიის ახალმა ხელისუფლებამ გააუქმა საინვესტიციო შეთანხმება რუსულ კომპანია "სტროიტრანსგაზსა" და სირიის ხმელთაშუა ზღვის პორტ ტარტუსს შორის. ამის შესახებ სირიულ გაზეთ "ალ-ვატანს" ტარტუს საბაჟოს დირექტორმა, რიად ჯუდიმ აცნობა. პუბლიკაციამ გამოცემა "ვაჟნიე ისტორიის" ყურადღება მიიპყრო. "

"პორტის საქმიანობიდან მიღებული ყველა შემოსავალი ახლა მიმართულია სირიის სახელმწიფოს სასარგებლოდ. პორტში დასაქმებული მუშები სირიის მხარის კონტროლს დაუბრუნდებიან", - ციტირებს გაზეთს ჯუდი. მისი სიტყვებიდან გამომდინარეობს ისიც, რომ საინვესტიციო ხელშეკრულების მიუხედავად, რუსულმა მხარემ პორტის მექანიზმების მოდერნიზება არ მოახდინა.

2019 წლის აპრილში რუსეთის მაშინდელმა ვიცე-პრემიერმა იური ბორისოვმა გამოაცხადა ტარტუსის პორტის 49-წლიანი იჯარის ხელშეკრულება. ამავე დროს, 49 წლის განმავლობაში გაფორმდა საინვესტიციო ხელშეკრულება "სტროიტრანსგაზთან", რომლის მთავარი ბენეფიციარი გენადი ტიმჩენკოა. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მან პირობა დადო, რომ პორტის მოდერნიზაციაში 500 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელებდა.

კომპანია "სტროიტრანსგაზს" გავრცელებულ ცნობაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. სირიული გამოცემა "ალ-ვატანი" ასევე აცხადებს, რომ პორტის მუშაობა სირიაში ძალაუფლების შეცვლის შემდეგ შესამჩნევად გააქტიურდა და იქ სხვა ქვეყნებიდან მშრალი სატვირთო გემებიც შედიან.

რუსეთს სირიაში ორი სამხედრო ბაზა აქვს: ავიაბაზა ხმეიმიმი ლატაკიის პორტთან და სამხედრო-საზღვაო ბაზა ტარტუსში, ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე. იქ რუსეთის სამხედროების 49 წლის ვადით ყოფნის შესახებ ხელშეკრულებას მოსკოვსა და დამასკს შორის 2017 წელს მოეწერა ხელი.

ტარტუსში ბაზას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან რუსეთს ხმელთაშუა ზღვაზე ერთადერთ გასასვლელს ანიჭებს. ის წარმოადგენს საზღვაო სწავლებებისა და სამხედრო გემების განთავსების ადგილს.

სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ გაჩნდა ცნობა, რომ რუსეთმა დაიწყო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის გაყვანა ლატაკიიდან ტარტუსის მიმართულებით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG