Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 66 ადამიანი დაიღუპა


ხანძარი თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში მდებარე 12-სართულიან ხის სასტუმროში გამთენიისას გაჩნდა.
ხანძარი თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში მდებარე 12-სართულიან ხის სასტუმროში გამთენიისას გაჩნდა.

სულ მცირე, 66 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, კარტალკაიას სამთო-სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, - ამის შესახებ გაზეთი Hurriyet-ი შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით იუწყება.

ხანძარი 12-სართულიანი ხის სასტუმროს რესტორანში დილის სამ საათზე გაჩნდა. სასტუმროში ამ დროს 237 ადამიანი ცხოვრობდა, პანიკაში ჩავარდნილი ადამიანების ნაწილი ფანჯრებიდან გადმოხტომით ცდილობდა თავის შველას. ამის გამო, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა ათობით სახანძრო და 38 სასწრაფო დახმარების მანქანა. სასტუმრო მდებარეობს მთის ფერდობზე, რამაც გაართულა სამაშველო ოპერაციები. მეხანძრეებმა მხოლოდ 10 საათის შემდეგ შეძლეს ხანძრის ჩაქრობა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, მთავრობამ მომხდარის გამოძიება ექვს პროკურორს მიანდო.

სასამართლომ სტიქიის ზონაში მუშაობა აუკრძალა სამაუწყებლო მედიას, ამის მიზეზად კი ინციდენტის გამოსაძიებლად მტკიცებულებების შეგროვების უზრუნველყოფა დაასახელა. პრევენციის მიზნით, მოხდა მობინადრეთა ევაკუაცია მეზობლად მდებარე სასტუმროებიდან. ისინი სხვა სასტუმროებში გადაანაწილეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG