Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TikTok-ი აშშ-ში დაბრუნდა და ტრამპს მადლობა გადაუხადა


TikTok-მა აშშ-ში მუშაობა 19 იანვარს შეწყვიტა და იმავე დღეს განაახლა
TikTok-მა აშშ-ში მუშაობა 19 იანვარს შეწყვიტა და იმავე დღეს განაახლა

სოციალურმა ქსელმა TikTok-მა აშშ-ში 170 მილიონი მომხმარებლის მომსახურება განაახლა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ 90 დღით გადაავადებს TikTok-ის აკრძალვის ამოქმედებას.

19 იანვარს, ღამით, სოციალური ქსელებით გავრცელებულ განცხადებაში TikTok-ი დონალდ ტრამპს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მასთან ერთად იმუშავებს საკითხის გრძელვადიან მოგვარებაზე, რაც შესაძლებელს გახდის აშშ-ში TikTok-ის შენარჩუნებას.

იმ მიზეზით, რომ TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance პეკინს აძლევს ამერიკელების შესახებ მონაცემების შეგროვებისა და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის შესაძლებლობას, შეერთებული შტატების კონგრესმა 2024 წლის აპრილში კანონი მიიღო და ByteDance-ს მოსთხოვა, პლატფორმა ამერიკულ კომპანიას მიჰყიდოს.

ჩინურმა კომპანიამ, რომელმაც კანონი მომხმარებელთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასა, TikTok-ის გაყიდვაზე უარი თქვა. აშშ-ში ამ სოციალური ქსელის ამკრძალავი კანონი 2025 წლის 19 იანვარს ამოქმედდა და TikTok-ი გაითიშა.

19 იანვარს დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ინაუგურაციის შემდეგ გამოსცემს TikTok-ის აკრძალვის სამი თვით გადავადების ბრძანებას.

ინაუგურაცია დღეს, 20 იანვარს, გაიმართება.

ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე ვაშინგტონში, კომპლექს Capital One Arena-ზე მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ TikTok-ი დაბრუნდა და ის უნდა შეინარჩუნონ. დონალდ ტრამპის თქმით, ეს სოციალური ქსელი მოსწონს, რადგან რესპუბლიკელებს დაეხმარა არჩევნებში ახალგაზრდების მხარდაჭერის მოპოვებაში.

20 იანვარს დანიშნულ ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, მხარდამჭერებს მიმართა და სხვა საკითხებთან ერთად TikTok-ის დაბრუნებაზეც ილაპარაკა
20 იანვარს დანიშნულ ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, მხარდამჭერებს მიმართა და სხვა საკითხებთან ერთად TikTok-ის დაბრუნებაზეც ილაპარაკა

ფორუმი

XS
SM
MD
LG