Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებული მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ჟურნალისტებმა მორიგი აქცია გამართეს


მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია ბათუმის პოლიციასთან გაიმართა.
მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია ბათუმის პოლიციასთან გაიმართა.

დაკავებული მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ჟურნალისტებმა მორიგი საპროტესტო აქცია მოაწყვეს ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან.

მზია ამაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია ქალაქ ბათუმში გაიმართა.
მზია ამაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია ქალაქ ბათუმში გაიმართა.

11 იანვარს, გვიან ღამით, სწორედ ამ ადგილას მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს გაზეთ "ბათუმელებისა" და ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთის“ დირექტორი მზია ამაღლობელი. თავდაპირველად მედიამენეჯერი ადმინისტრაციული წესით სტიკერის გაკვრის დროს დააკავეს. ხოლო რამდენიმე წუთში ხელწერილით გამოშვების შემდეგ, იგი სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს.

მას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ამაღლობელი ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება და მის გათავისუფლებას ითხოვენ:

„ხელისუფლება ყველაფერზე მიდის, რომ ხელი შეუშალოს ნებისმიერ მედიას საქმიანობაში. ჟურნალისტებზე თავდასხმა, აქციების დროს მათზე ძალადობა - არცერთი ეს საქმე არ იქნა გამოძიებული. მზია კი ალიყურის გამო დააკავეს და ეს გამოწვეული იყო იმ ძალადობის გამო, რაც მის მიმართ ხორციელდებოდა პირველი დაკავებისას. შემდეგ ჟურნალისტები როგორც ზონდერები, ისე წარმოაჩინეს. ამ დროს მთელი სისტემა ჩართულია, რომ ყველა დააშინონ“, - თქვა ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მენეჯერმა ასლან ჭანიძემ.

მზია ამაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია
მზია ამაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია

მისივე შეფასებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მიმართ ბრალდება და წინასწარი პატიმრობა სამართლებრივ ლოგიკას არ ექვემდებარება, ხოლო ალიყური, იგივე სილა, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება.

დემონსტრანტები ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვენ. მზია ამაღლობელმა საიას თავმჯდომარეს, ნონა ქურდოვანიძეს მოუყვა, რომ დაკავების შემდეგ მას ირაკლი დგებუაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სახეში შეაფურთხა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG