Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

PACE-ს დელეგაცია შინ ეწვია გახარიას, რომელსაც ორი დღის წინ თავს დაესხნენ


შეხვედრაზე განიხილეს „ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა“.
შეხვედრაზე განიხილეს „ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა“.

საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები 16 იანვარს სახლში ეწვივნენ ექსპრემიერ გიორგი გახარიას, რომელსაც, მისი პარტიის თქმით, 14 იანვარს, გვიან ღამით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჯგუფურად თავს დაესხნენ.

PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, ასევე კომიტეტის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილე ბას კლაინი გიორგი გახარიას სახლში ეწვივნენ, - იუწყება გახარიას პარტია.

„შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა იყო“, - აცხადებენ პარტიაში.

გახარიას პარტიის ცნობით, 14 იანვარს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბათუმის სასტუმრო „შერატონში” ფიზიკურად გაუსწორდნენ პარტიის დამფუძნებელს.

ბათუმის კლინიკის ექიმის, თაკო შანთაძის განცხადებით, გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

პირველი ცნობა, რომ ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ გიორგი გახარიას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები, 15 იანვარს, შუაღამის შემდეგ, ფეისბუკით გაავრცელა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.

ამას წინ უძღოდა თავდასხმა ჟურნალისტზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერ ზვიად ქორიძეზე, - ის ამბობს, რომ 14 იანვარს, გვიან ღამით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვა პირები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

PACE-ს წარმომადგენლები საქართველოს მიმდინარე მონიტორინგის მისიის ფარგლებში ეწვივნენ.

როგორც PACE-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის მიზანია, შეაფასოს საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის, ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე.

15 იანვარს დელეგაციის წევრები შეხვდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის სადავო პარლამენტის წევრებს. 16 იანვარს ასევე შეხვდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს.

დელეგაციის წევრებმა გლდანის ციხეში მოინახულეს საპროტესტო დემონსტრაციებისას დაპატიმრებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, ასევე - აქტივისტი ზვიად ცეცხლაძე.

დელეგაციის წევრები 16 იანვარს შეხვდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

„ეს ვიზიტი არ ემსახურება არალეგიტიმური ხელისუფლების აღიარებას“, - თქვა თინა ბოკუჩავამ მათთან შეხვედრის შემდეგ.

„ეს არის რიგითი ვიზიტი მონიტორინგისთვის და ის არ უნდა იქნას განხილული, როგორც შეხვედრების მხარეების ლეგიტიმურობის ან მათი შეხედულებების პოლიტიკური მხარდაჭერა“, - ეწერა PACE-ს განცხადებაში, რომელიც ვიზიტამდე 4 დღით ადრე გამოქვეყნდა.

ყოველდღიური აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით იმართება 28 ნოემბრიდან - მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების საკითხს დღის წესრიგში აღარ დააყენებს. უწყვეტი აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა პროევროპულ აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება.

15 იანვარს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ახალი წლის შემდეგ დაიწყო „რეპრესიების ახალი ტალღა“.

  • 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
  • დაკავებულია ამავე გამოცემის ოპერატორი გურამ მურვანიძე - მას 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
  • ევროკავშირის საელჩომ განაცხადა: „მზია ამაღლობელისა და გურამ მურვანიძის დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებას უფრო მეტად აკნინებს. ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს“.
  • ბათუმში მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ჩასულ ჟურნალისტს, ზვიად ქორიძეს, 14 იანვარს „ქართული ოცნების“ ლიდერები ფიზიკურად გაუსწორდნენ სასტუმრო „შერატონში“;
  • მოგვიანებით, იმავე სასტუმროს შესასვლელში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, ყოფილ პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას. ექიმის თანახმად, მას აქვს ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა;
  • პარტიის ცნობით, გახარია ბათუმში იმყოფებოდა პარტიის ახალგაზრდული ფრთის დაკავებული წევრების მხარდასაჭერად. მან სასამართლოს შენობაში სოლიდარობა გამოუცხადა ასევე მზია ამაღლობელს.
  • 15 იანვარს თბილისში, საბურთალოზე, დოლიძის ქუჩაზე, გაფიცულ ადამიანებს უცხო პირები თავს დაესხნენ. თავდასხმის ვიდეოკადრებში, რომელთა გადაღებაც რამდენიმე მოქალაქემ შეძლო, ისმის გინება და ჩანს ფიზიკური ძალადობა. ერთ-ერთ ადამიანს ბეისბოლის ჯოხი უჭირავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG