ანატოლი გიგაურის პროცესს ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი დაესწრო.
მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობისას, ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ მოსამართლეს სთხოვა, ენახათ ვიდეო, რომელიც ამ საქმეში ახალი გარემოება და დაცვის მხარის მტკიცებულებაა. ამ ვიდეოში, ადვოკატის თქმით, ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი ანატოლი გიგაურს სახეში.
„ამის შემდეგ ვითარდება პროცესი - ვიდეოში ისმის "რატომ დამარტყი", პოლიციელი ისევ ცდილობს შეურაცხყოფის მიყენებას და ამ დროს აკეთებს იმას გიგაური, რასაც აკეთებს და მხოლოდ ეს კადრები აქვს მტკიცებულებად წარმოდგენილი პროკურატურას საქმეში“, - თქვა ადვოკატმა.
მან მოსამართლეს აუხსნა, რომ მის მიერ წარდგენილი ვიდეო არის ახალი გარემოება, რომლითაც უნდა გადახედილიყო აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა.
მოსამართლემ თქვა, რომ სამართალწარმოების ამ ეტაპზე მტკიცებულებების განხილვაში ვერ შევა. მან აღწერა ვიდეომასალა, რომელიც ადვოკატმა აჩვენა.
„ვერ დაგეთანხმებით, რომ ამ ვიდეოში და მომენტში ანატოლი გიგაური თავს იცავდა, ეს ფაქტი ვიდეოში ვერ ვნახე“, - თქვა მოსამართლემ.
ამ განცხადებას ანატოლი გიგაურის პასუხი მოჰყვა: „აუცილებელ მოგერიებას ვახორციელებდი... მე მზად ვარ. რომ მაწამებდნენ, ვითომ დაზარალებული რომაა [პოლიციელი], თავს დამესხნენ სამმართველოში. გამომძიებელი ეუბნებოდა პოლიციელს, რა დაეწერა.“
მოსამართლე მგელიაშვილის თქმით, „კისრის და სახის არეში ხელის შემორტყმა რამდენადაა მოგერიება, არსებითი განხილვისას უნდა გადაწყდეს“, შემდეგ კი ანატოლი გიგაურის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება გამოაცხადა.
მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება 24 ნოემბრის ღამეს მოხდა თბილისში, მას შემდეგ, რაც რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ, რათა პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა მოეწყოთ.
პოლიციამ რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდა, მათ შორის აქციის მონაწილეებისთვისაც, და მათ უთხრა, რომ შეეძლოთ ფეხით გაეგრძელებინათ გზა.
ანატოლი გიგაური 2024 წლის 24 ნოემბერს, გვიან ღამით დააკავეს თბილისში. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
იმავე ღამით ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანდა, როგორ ურტყამდა სახეში ხელს ანატოლი გიგაური პოლიციელს.
ანატოლი გიგაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა 26 ნოემბერს იმსჯელა. გიგაურმა სასამართლო სხდომაზე პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე ილაპარაკა. მას შუბლის არეზე, წარბთან, სისხლის კვალი ეტყობოდა.
ფორუმი