Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიუტე: ნატოს ქვეყნებმა თავდაცვაზე უფრო გონივრულად უნდა ხარჯონ ან მშპ-ის 3,7 პროცენტი გაიღონ


ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ ორშაბათს განაცხადა, რომ ალიანსის სამხედრო შესაძლებლობების სამიზნეთა დაკმაყოფილებისთვის, წევრ ქვეყნებს შესაძლოა მოუწიოთ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3,7%-ის დახარჯვა თავდაცვაზე - მაგრამ ახალი ინიციატივების და ერთობლივი შესყიდვების ხარჯზე, ეს რიცხვი შესაძლებელია შემცირდეს. რიუტეს განცხადებას ავრცელებს სააგენტო "როიტერსი".

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვაზე უნდა გაიღონ თავ-თავიანთი მშპ-ის 5% - რაც, ანალიტიკოსების თქმით, პოლიტიკურად და ეკონომიკურად შეუძლებელი სამიზნეა ალიანსის პრაქტიკულად 32-ვე წევრისთვის.

ნატოს შეფასებით, მის წევრებს შორის 23 სახელმწიფო 2024 წელს თავდაცვაზე მშპ-ის 2%-ს ხარჯავდა.

"2 პროცენტი საკმარისი არ არის", - უთხრა რიუტემ ევროპის საპარლამენტო კომიტეტს ბრიუსელში.

ნატოს ხელმძღვანელი ასევე გამოეხმაურა ტრამპის განცხადებას, რომ სურს გრენლანდია შეიძინოს დანიისგან და ამას ამერიკის უსაფრთხოებისთვის „აბსოლუტურ აუცილებლობად" მიიჩნევს.

"იგი [ტრამპი] ბევრ შემთხვევაში იყო სწორი. ეს ასეა. და შესაძლოა მომავალშიც ბევრჯერ იყოს სწორი. მასთან დიალოგი უნდა ვაწარმოოთ. მომეწონა დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიკსენის რეაქცია - რომელმაც მყისიერი რეაგირება არ მოახდინა გრენლანდიის შესახებ [ტრამპის] სიტყვებზე, მაგრამ დისკუსიაში შემოიტანა მნიშვნელოვანი საკითხი - არქტიკა. როგორ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ არქტიკაში არსებული სტრატეგიული საკითხები განხილულ იყოს ნატოს, აშშ-ის შორის, ნატოს წიაღში, ევროკავშირში, რა მიმართება უნდა გვქონდეს არქტიკასთან - და სხვა მრავალი. ეს არ ეხება იმ საკითხს, ვინ მართავს ან ვინ აკონტროლებს გრენლანდიას. საკითხი მიემართება იმ გარემოებას, რომ არქტიკა უცვლელად უნდა დარჩეს. ამდენად, დიახ, ევროპას შეუძლია დაეყრდნოს შეერთებულ შტატებს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატები ნატოში დარჩება. ამაზე არ ვშფოთავ", - თქვა რიუტემ.

გრენლანდია დანიის კუნძულოვანი, ავტონომიური ერთეულია, რომელიც ორ მილიონ კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ, ძირითადად ყინულოვან მასას მოიცავს. კუნძულზე მხოლოდ 56 000 ადამიანი ცხოვრობს. გრენლანდია გეოგრაფიულად უფრო ახლოსაა კანადასთან, ვიდრე დანიის დანარჩენ ნაწილთან, ხოლო კანადის და აშშ-ის დედაქალაქები უფრო ახლოსაა გრენლანდიასთან, ვიდრე კოპენჰაგენი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG