Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters-ის ცნობით, საამიროები ისრაელთან და აშშ-სთან ერთად განიხილავს ღაზის დროებითი მართვის საკითხს


არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ისრაელის დროშები. დუბაი, 31 იანვარი, 2022.
არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ისრაელის დროშები. დუბაი, 31 იანვარი, 2022.

არაბთა გაერთიანებული საამიროები ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან არასაჯარო მოლაპარაკებებს აწარმოებს ღაზის სექტორის მომავალზე, ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ (რადიკალური დაჯგუფება ჰამასი შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული). როგორც Reuters-ი იუწყება წყაროებზე დაყრდნობით, მოლაპარაკებებზე, კერძოდ, არის წინადადებები, რომ ღაზაში დროებითი ადმინისტრაცია ჩამოყალიბდეს საერთაშორისო კონტროლის ქვეშ, მათ შორის შეერთებული შტატებისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მონაწილეობით. ადმინისტრაცია სექტორის მართვას შეძლებდა მანამდე, სანამ პალესტინის რეფორმირებული ხელისუფლება შეძლებს იქ საკუთარი ძალოვანი სტრუქტურების შექმნას.

ახლა ღაზა ნაწილობრივ ექვემდებარება ისრაელის სამხედროების კონტროლს, ნაწილობრივ კი ჯერაც ჰამასის კონტროლქვეშაა, რომელიც ამ ტერიტორიას 2007 წლიდან მართავს. მაშინ დაჯგუფებამ იქ ჯერ არჩევნებში გაიმარჯვა, მას შემდეგ კი ავიწროებს თავის ოპონენტებს, მათ შორის პალესტინის ავტონომიას. ისრაელის ოპერაცია 2023 წლის 7 ოქტომბრიდან გრძელდება ისრაელზე ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ. ღაზაში მრავალი დასახლება განადგურდა, ასობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები, ათიათასობით დაიღუპა ან დაშავდა.

Reuters-ის ცნობით, დროებით ადმინისტრაციას შეეძლო ღაზის რეკონსტრუქციისა და უსაფრთხოების ზომების ხელმძღვანელობა. მისი შექმნის პირობებია როგორც ისრაელის ჯარების გაყვანა, ასევე სექტორში ჰამასისთვის ძალაუფლების ჩამორთმევა.

როგორც აღნიშნავენ, ისრაელს ჯერ კიდევ არა აქვს მკაფიო სტრატეგია ომისშემდგომი ღაზის მომავლის შესახებ, მაგრამ აცხადებს, რომ ჰამასი აღარ უნდა მართავდეს სექტორს.

არაბთა გაერთიანებული საამიროები, ერთ-ერთი იმ რამდენიმე არაბული ქვეყნიდან, რომლებსაც ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ, ოფიციალურად ემხრობა დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, რომელშიც შევიდოდა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი, ღაზა და აღმოსავლეთი იერუსალიმი. ამ იდეას მხარს უჭერს მსოფლიოს უმეტესი ქვეყანა. როგორც ამტკიცებენ, არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ ღაზაში დროებითი ადმინისტრაციის შექმნა განიხილება როგორც ნაბიჯი ამ მიზნის მისაღწევად. თუმცა, გაურკვეველია, როგორ უნდა ჩამოაშორონ ჰამასი ხელისუფლებას. ისრაელს ასევე ოფიციალურად არ გამოუთქვამს დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეაზე თანხმობა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონი რამდენიმე პარტნიორთან ერთად მონაწილეობს ღაზის მომავლის შესახებ დისკუსიებში, მაგრამ დეტალებს არ იტყობინებიან.

კატარის, ეგვიპტისა და შეერთებული შტატების შუამავლობით გრძელდება მოლაპარაკებები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და ჰამასის მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების შესახებ. იტყობინებიან მოლაპარაკებებზე წინსვლის შესახებ, მაგრამ შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული. თუმცა, ამ მოლაპარაკებებზე არ განიხილავენ ღაზის მომავალს ომის შემდეგ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG