ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 2 იანვარს უფლებამოსილება გასცა და ისრაელის წარმომადგენლები გააგრძელებენ მოლაპარაკებას დოჰაში, მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად. ამის შესახებ განაცხადა ნეთანიაჰუს ოფისმა მას შემდეგ, რაც ისრაელმა და ჰამასმა (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) ერთმანეთს დააბრალეს შეთანხმების მიღწევის გაჭიანურება.
დოჰაში, ბოლო კვირებში გაიმართა არაპირდაპირი მოლაპარაკებები კატარის, ეგვიპტისა და შეერთებული შტატების შუამავლობით, რამაც კვლავ გააღვივა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების იმედი, რომელსაც დღემდე ვერ მიაღწიეს.
„პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაამტკიცა Mossad (უცხოეთის დაზვერვის სამსახური), IDF-ის არმია) და ISA-ს (შინაგანი უსაფრთხოების სააგენტო) წარმომადგენლების დელეგაცია დოჰაში მოლაპარაკებების გასაგრძელებლად“, - ნათქვამია მისი სამსახურის 2 იანვრის განცხადებაში.
დეკემბერში ჰამასმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობას "სერიოზული სახე" ჰქონდა, ისრაელის მხარემ წამოაყენა "ახალი პირობები", რამაც შეაფერხა შეთანხმების მიღწევა.
ისრაელმა სწრაფად უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ სწორედ ჰამასი ქმნიდა "ახალ დაბრკოლებებს" შეთანხმებისთვის. არაპირდაპირი მოლაპარაკებების მრავალ რაუნდში შეთანხმების მიღწევის მცდელობები არაერთხელ ჩაიშალა მნიშვნელოვანი დაბრკოლებების გამო. ისრაელში, ნეთანიაჰუს ოპონენტები, მათ შორის ღაზაში ტყვეობაში მყოფი რამდენიმე ათეული მძევლის ნათესავები, პროცესის გაჭიანურებაში მას სდებენ ბრალს.
2023 წლის ნოემბერში ისრაელი და ჰამასი შეთანხმდნენ ომის თითქმის 15 თვის განმავლობაში ერთადერთი ზავის შესახებ. მაშინ ერთკვირიანი პაუზის განმავლობაში გაათავისუფლეს 80 მძევალი ისრაელის მიერ დაკავებული 240 პალესტინელის სანაცვლოდ, ასევე გაათავისუფლეს 25 სხვა ტყვე, ძირითადად ტაილანდელი ფერმის მუშები.
2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს, პალესტინელმა მებრძოლებმა ჰამასის მეთაურობით 251 მძევალი აიყვანეს, რომელთაგან 96 ღაზაში რჩება, მათ შორის 34, ისრაელის სამხედროების თქმით, დაღუპულია.
AFP-ს მოჰყავს ისრაელის ოფიციალური მონაცემები, რომელთა თანახმად, 7 ოქტომბრის თავდასხმას ისრაელის მხარეს 1208 ადამიანი ემსხვერპლა, უმეტესად სამოქალაქო პირები. ჰამასის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რომლებსაც გაერო საიმედოდ მიიჩნევს, ისრაელის საპასუხო საომარ მოქმედებებს ღაზაში ემსხვერპლა 45,581 ადამიანი - უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო.
ფორუმი