კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ გამოაცხადა, რომ ტოვებს ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას - და მედიას უთხრა, რომ "შიდა ბრძოლებიდან" გამომდინარე, ის ვერ იქნება "საუკეთესო არჩევანი" შემდეგი კენჭისყრისთვის.
ტრიუდომ თქვა, რომ თავისი ლიბერალური პარტიის პრეზიდენტს ახალი ლიდერის ძებნის პროცესის დაწყების თხოვნით მიმართა. ტრიუდო პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩება მანამ, სანამ პარტია ახალ ლიდერს შეარჩევს.
ტრიუდოს ბოლო ხანებში მძლავრი წინააღმდეგობა ხვდებოდა, გასულ წელს მისი ფინანსთა მინისტრის გადადგომამ მორიგ ჯერზე გამოავლინა მთავრობაში მიმდინარე მღელვარება.
სააგენტო "ესოშიეიტედ პრესის" (AP) ინფორმაციით, ტრიუდოს გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, ოფიციალურმა პირმა, რომელიც პროცესებს იცნობს, ანონიმურობის დაცვის პირობით თქვა, რომ პარლამენტს 24 მარტამდე დაითხოვენ. პარლამენტს მუშაობა 27 იანვარს უნდა განეახლებინა. ახალი ვადა შესაძლებელს გახდის ლიბერალურ პარტიაში ლიდერის გამოვლენას.
სამივე ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ აპირებს უნდობლობა გამოუცხადოს ლიბერალურ პარტიას, როცა პარლამენტის მუშაობა განახლდება - შესაბამისად, დიდი ალბათობით, გაზაფხულზე დაინიშნება ახალი არჩევნები ტრიუდოს გრძელვადიანი შემცვლელის შესარჩევად.
ფორუმი