Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად გაიკეთეს პირბადეები


საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ. თბილისი, 5 იანვარი, 2025.
საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ. თბილისი, 5 იანვარი, 2025.

პარლამენტთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აქციაზე სიმბოლურად გაიკეთეს პირბადეები.

მათი თქმით, ეს არის ერთგვარი აქცია-პერფორმანსი იმ „უსამართლო და უგუნური“ კანონის წინააღმდეგ, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციების მონაწილეებს სახის დაფარვა აეკრძალათ.

გასული წლის ბოლოს ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით მიიღო კანონები, რომლებიც, სხვათა შორის, კრძალავს აქციებზე ნიღბების გამოყენებას.

კვირას, საქართველოს პარლამენტის წინ უწყვეტად მიმდინარე პროევროპული აქციების 39-ე დღეს, ხალხმა ისევ გადაკეტა რუსთაველის გამზირი.

დემონსტრანტთა მოთხოვნები უცვლელია:

ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.

პროტესტის 39-ე დღეს, რუსთაველისკენ მსვლელობით დაიძრნენ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები - მათ სოლიდარობა გამოუცხადეს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც პროტესტს უნივერსიტეტის ფოიეში აგრძელებენ.

(თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად 18 დეკემბერს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიე დაიკავეს და მოითხოვეს, რომ უნივერსიტეტს მათთან შეთანხმებით ანდრო ჭიჭინაძის და ყველა უკანონოდ დაკავებულისა და დაზარალებულის შესახებ სოლიდარობის განცხადება გაეკეთებინა).

რუსთაველზე მიმდინარე აქციას შეუერთდა რესპუბლიკის მოედნიდან დაძრული „კაცების შოუს" ფანების მარში.

პარალელურად, აქცია გაიმართა ბათუმშიც. აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოს და მთავრობის სახლის ქუჩების კვეთაზე შეიკრიბნენ. ისინი ამბობენ, რომ იბრძოლებენ მანამდე, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

უწყვეტი პროტესტი რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG