მიხეილ ყაველაშვილი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია. არჩევნებში არავინ მონაწილეობდა იმის გამო, რომ 2024 წლის პარლამენტის შედეგებს ოპოზიცია და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ამომრჩევლების ნაწილი გაყალბებულს და მოპარულს უწოდებენ. შესაბამისად, არალეგიტიმურად მიაჩნიათ პარლამენტი და მეექვსე პრეზიდენტიც.
"მე მჯერა, ეს იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი. საზოგადოების ერთიანობა ჩვენი სამშობლოს გარშემო, მაგალითის მიმცემი უნდა იყოს პოლიტიკოსებისთვის, რათა მათაც მოახერხონ საერთო ენის გამონახვა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
სწორედ სიყვარულზე და ურთიერთპატივისცემაზე უნდა დავაფუძნოთ ჩვენი მომავალი ერთობა. ისეთ უანგარო სიყვარულზე, როგორც ქართველ ბებია-ბაბუებს უყვართ საკუთარი შვილიშვილები და პატივისცემაზე, რაც ქართულ ტრადიციულ ოჯახში ბებია-ბაბუების მიმართ დამოკიდებულებაში ვლინდება", - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.
მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართა საქართველოს პარლამენტის სასახლეში.
მას არ დასწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები - საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩები მიწვეული არ ყოფილან, რის მიზეზადაც რადიო თავისუფლებას პარლამენტის პრესცენტრში ადგილების სიმცირე დაუსახელეს.
29 დეკემბერს პრეზიდენტის სასახლე დატოვა სალომე ზურაბიშვილმა და განაცხადა, რომ მან თან წაიღო საქართველოს დროშა და პრეზიდენტის ლეგიტიმაცია. ზურაბიშვილმა 2025 წლის მისალოცი მიმართვაც გაავრცელა და ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდა, იქ შეკრებულ ათი ათასობით ადამიანთან ერთად.
ფორუმი