Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შავ ზღვაში მაზუთის ჩაღვრის გამო პუტინმა ფედერალურ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა


მოხალისეები ქერჩის სრუტეში მაზუთით დაბინძურებული ქვიშის შეგროვების სამუშაოებს აწარმოებენ. 21 დეკემბერი, 2024 წელი
მოხალისეები ქერჩის სრუტეში მაზუთით დაბინძურებული ქვიშის შეგროვების სამუშაოებს აწარმოებენ. 21 დეკემბერი, 2024 წელი

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, შავ ზღვაში მაზუთის ჩაღვრის გამო, რაც ქერჩის სრუტეში ტანკერების ჩაძირვას მოჰყვა, ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა კრასნოდარის ოლქში, - ამის შესახებ იტყობინება ანექსირებული ყირიმის მთავრობის მეთაური სერგეი აქსიონოვი.

მანამდე ერთი დღით ადრე, 25 დეკემბერს, რეგიონულ დონეზე საგანგებო მდგომარეობა კრასნოდარის ოლქის გუბერნატორმა გამოაცხადა. აქსიონოვის თქმით, მაზუთის ზღვაში ჩაღვრის შედეგების ლიკვიდაციისთვის სახსრები ფედერალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

17 დეკემბრიდან ანაპასა და ტემრიუკში ადგილობრივ დონეზე უკვე მოქმედებდა საგანგებო მდგომარეობა. 21 დეკემბერს, როცა ზღვაში ჩაღვრილმა ნავთობპროდუქტებმა სანაპიროს მიაღწია, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ქერჩშიც.

ანაპასა და ტემრიუკის რაიონში სანაპირო 54-კილომეტრიან ზოლზე იწმინდება, სამუშაოებში მაშველებთან ერთად მოხალისეები არიან ჩართული. სულ მათი რიცხვი 4000-ს აღწევს. უკვე შეგროვებულია ათეულ ათასობით ტონა დაბინძურებული ქვიშა, მისი დიდი ნაწილი გატანილია პლაჟებიდან.

„ვოლგონეფტის“ ორმა ტანკერმა, რომლებიც მაზუთით იყო დატვირთული, 15 დეკემბერს კატასტროფა განიცადა ქერჩის სრუტეში - მთავარი ვერსიით - შტორმის გამო. ბუნების დამცველი ორგანიზაციის, Greenpeace-ის თანახმად, თუ ნავთობპროდუქტები დაიღვრება ტანკერებიდან, დაახლოებით რვა ათასი ტონა მაზუთი, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე უფრო მსხვილი ტექნოგენური კატასტროფა შავ ზღვაში.

ტანკერების ჩაძირვის გამო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

გამოცემა ბათუმელები შავ ზღვაში, რუსეთის ტერიტორიულ წყლებში, კრასნოდარის მხარეში 19 მკვდარი დელფინის გამორიყვის შესახებ იტყობინებოდა. სავარაუდოდ, ეს უკავშირდება რუსული ნავთობტანკერების ჩაძირვას. გამოცემა იმოწმებს BBC-ის, რომელიც რუსი გარემოსდამცველების ჯგუფის, Delfacenter-ის ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს დელფინების მასობრივი გამორიყვაა. სამეცნიერო-ეკოლოგიური ცენტრი „დელფა“ წერს, რომ გამორიყული დელფინების ნაწილს სხეულზე აღენიშნება მაზუთის ფრაგმენტები, ერთ-ერთ მათგანს კი მაზუთის მცირე ფრაგმენტი უპოვეს სასუნთქ გზებში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG