Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრეზიდენტი: ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად გამოსავალია არსებული კრიზისიდან


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად, არის გამოსავალი საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან. სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დუდა წერს, რომ იგი საქართველოს პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა.

"საქართველოში არსებულ ვითარებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს ვესაუბრე. კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი ურყევი მხარდაჭერა მისი ლიდერობისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი. მათ ერთიანი ევროპისკენ სვლის ხელშეუვალი უფლება აქვთ. ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად, არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან", - წერს ანჯეი დუდა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 23 დეკემბერს გავრცელებული ვიდეომიმართვით "ქართულ ოცნებას" და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, დიალოგში ჩართვისკენ და კომპრომისისკენ მოუწოდა. ზურაბიშვილი ივანიშვილს მიმართავს, შეხვდეს მხარეებს ან თუნდაც პირისპირ - მას.

"ძალიან არ მოსწონთ, როდესაც ვსაუბრობ დიალოგზე, კომპრომისზე, ჩვენ ვართ რადიკალები და მეორე მხარეა ყოველთვის "მშვიდობის მტრედი", დიალოგის მომთხოვნი და ა.შ. ამ საკითხებზე დიალოგი ჩემთან უნდა იყოს, როგორც მედიატორთან და იმასთან, ვინც მონაწილეობდა არჩევნებში და აკვირდებოდა მას.

მეორე მხარესაა [ბიძინა] ივანიშვილი და მის მიერ დანიშნული, არ ვიცი რამდენი წარმომადგენელი... მარტოც რომ მოვიდეს, არა უშავს, მეც ვიქნები მაშინ მარტო. ამისთვის ძალიან ცოტა დროა, ეს კრიზისი აღარ ითმენს. თუ მოვიდა იმ აზრზე, რომ ამ ქვეყანას, ამ საზოგადოებას გავუფრთხილდეთ, დავაწყნაროთ და მივცეთ ის, რაც არის დაწყნარების და მშვიდობის გასაღები, მაშინ შევხვდეთ, რატომ გადავდოთ? ამ კვირაში, 29 დეკემბრამდე, მე მზად ვარ და მივიღებ, ნებისმიერ ფორმატში შევხვდეთ, ძალიან მარტივი იქნება", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ალტერნატიულ გეგმაზეც, რაც, მისივე თქმით, არის "რეჟიმის ჩამოშლა".

"რეჟიმის ჩამოშლა, ეს არის ალტერნატივა ან დიალოგი, კომპრომისი, დათმობა. ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც თვლის "ოცნება". საჭიროა დათმობა, საჭიროა რაღაცების აღიარება, თუ არა, ეს არის რეჟიმი ჩამოშლა, რომელიც თავისით იშლება. აქ არავისი ხელი არაა, არც ომის პარტიის, არც ღომის პარტიის. არის თქვენი ხელი, ვინც ხართ ძალაუფლებაში, იმიტომ რომ დროზე ვერ მოხვედით გონზე".

საპროტესტო დემონსტრაციები 28 ნოემბერს დაიწყო.

უკვე 26 დღეა, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში არ წყდება აქციები, სადაც მოსახლეობა აპროტესტებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება მომდევნო ოთხი წელი არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG