Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის პროევროპული პარტიები კოალიციურ მთავრობაზე თანხმდებიან


მარჩელ ჩოლაკუ კვლავ გახდა რუმინეთის პრემიერი. 23 დეკემბერი, 2024 წელი
მარჩელ ჩოლაკუ კვლავ გახდა რუმინეთის პრემიერი. 23 დეკემბერი, 2024 წელი

ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნის - რუმინეთის - ოთხმა პროევროპულმა პარტიამ 23 დეკემბერს დადო შეთანხმება, არ დაეშვათ ულტრამემარჯვენეები მთავრობაში, და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საერთო კანდიდატი აირჩიეს.

მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი მარჩელ ჩოლაკუ 23 დეკემბერს ასევე ხელახლა დაინიშნა პრემიერ-მინისტრად, მოქმედი ლიბერალი პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის მიერ, რომელმაც ახალ პროევროპულ კოალიციას დაუჭირა მხარი.

ქვეყანა კრიზისშია მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნები გააუქმეს ამ თვის დასაწყისში - ეს იყო უკიდურესად უჩვეულო ნაბიჯი ევროპაში - მას შემდეგ, რაც ულტრამემარჯვენე კანდიდატმა მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა პირველ ტურში, რუსეთის ჩარევის შესახებ ბრალდებების ფონზე. აქამდე ნაკლებად ცნობილი კალინ ჯორჯესკუ არჩევნების გაუქმებას სასამართლოში აპროტესტებს და ხელისუფლებას "სახელმწიფო გადატრიალებაში" ადანაშაულებს.

დაზვერვის დოკუმენტებში, რომელთაც საიდუმლო გრიფი მოეხსნა საპრეზიდენტო სამსახურის მიერ, ჩამოთვლილია კიბერშეტევების შემთხვევები, "რუსეთის აგრესიული ჰიბრიდული მოქმედებები" და ჯორჯესკუს მასიური პროპაგანდა სოციალურ მედიაში და არჩევნების წინა პერიოდში. ჩოლაკუმ აღიარა, რომ ქვეყნის მართვა „იოლი არ იქნებოდა“ საარჩევნო ქაოსის შემდეგ, როდესაც ულტრამემარჯვენე პარტიებმა 1 დეკემბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ხმების უპრეცედენტო მესამედი მოიპოვეს.

"ჩვენი მოვალეობა, უპირველეს ყოვლისა, არის, დავიცვათ დემოკრატიული ღირებულებები “, - დასძინა მან. კოალიციური შეთანხმება აერთიანებს მმართველ სოციალ-დემოკრატებს (PSD) - ყველაზე დიდ პარტიას ხმების 22 პროცენტით - ლიბერალებთან, (PNL) უნგრულ უმცირესობის პარტიასთან (UDMR) და საპარლამენტო ჯგუფთან, რომელიც სხვა უმცირესობებს წარმოადგენს. მათ მძიმე გამოწვევა ელით საპრეზიდენტო არჩევნებში, რადგან ულტრამემარჯვენეები მზარდ უკმაყოფილებას გამოხატავენ ინფლაციის და ომის გამო უკრაინაში, რომელსაც გრძელი საერთო საზღვარი აქვს რუმინეთთან.

ულტრამემარჯვენე ნაციონალისტურმა ბლოკმა გაასამმაგა თავისი შედეგი 2020 წლის ბოლო საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით და 32 პროცენტს მიაღწია - მათ შორის, 18 პროცენტი რუმინეთის გაერთიანების ალიანსზე (AUR) მოდის.

AUR-ის წარმომადგენელმა დან ტანასამ ახალ კოალიციურ მთავრობას "ვითომ დემოკრატია" უწოდა და თქვა, რომ ყველა საარჩევნო პროცედურა იძულებით გატარდა, "არაკანონიერი მთავრობის" შექმნის მიზნით.

ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირება მოჰყვა პოლიტიკურად დაძაბულ თვეს, როცა ჯორჯესკუს შესაძლო გზას პრეზიდენტობისკენ, 6 დეკემბერს წინ გადაეღობა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც დაადგინა, რომ არჩევნების პირველ ტურს ჩრდილი მიადგა “საარჩევნო კანონმდებლობის მრავალრიცხოვანი დარღვევით". 60 წლის ჯორჯესკუმ, ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირმა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ყოფილმა თაყვანისმცემელმა, უარყო მოსკოვთან კავშირი და ბოლო ხანს საკუთარ თავს "ულტრაპროტრამპისტი" უწოდა. ახალმა სამთავრობო კოალიციამ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კრინ ანტონესკუ აირჩია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG