"საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა" (IRI) საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა და განაცხადა: „საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი“.
„მთავრობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, საზოგადოების ნდობის აღდგენას მხოლოდ ახალი არჩევნები შეძლებს“, - აცხადებს IRI-ის პრეზიდენტი.
23 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში IRI წერს, რომ მისმა საერთაშორისო საარჩევნო- სადამკვირვებლო მისიამ (IEOM-ის) დაადგინა, რომ მრავალი ფაქტორი ნეგატიურად აისახა საქართველოს საარჩევნო პროცესზე და სერიოზული ეჭვები გააჩინა არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით.
კერძოდ, მისიამ საარჩევნო პროცესში დააფიქსირა მნიშვნელოვანი და სისტემატური ხარვეზები, რომლებიც ოთხ ძირითად პრობლემას უკავშირდება:
- „არათანაბარი პირობები და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება;
- სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების შევიწროება და ამომრჩეველთა სისტემატური დაშინება;
- საარჩევნო და სასამართლო ინსტიტუტების სახელმწიფოს მიერ მიტაცება;
- არჩევნების შედეგების საზოგადოებრივი უარყოფა“.
სწორედ ამ პრობლემებს აღწერს სიღრმისეულად 46-გვერდიანი ანგარიში, რომელიც ორშაბათ საღამოს, 23 დეკემბერს, გამოქვეყნდა.
„საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ არის სანდო თავისი მოქალაქეების თვალში და არის კიდევ ერთი სამწუხარო თავი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისთვის ბრძოლაში“, - აცხადებს IRI-ის პრეზიდენტი დენიელ ტვაინინგი.
მისი თქმით, საქართველოს ინსტიტუტები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია, სასამართლო სისტემა და სახელმწიფო ბიუროკრატია, „მოქმედებდნენ, როგორც მმართველი პარტიის შტო, ნაცვლად იმისა, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ყოფილიყვნენ“.
„მისიის მიგნებებზე დაყრდნობით და არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების მიხედვით, მთავრობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, საზოგადოების ნდობის აღდგენას მხოლოდ ახალი არჩევნები შეძლებს“, - განაცხადა ტვაინინგმა.
ანგარიშში წერია, რომ საპარლამენტო არჩევნებმა გამოავლინა ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის კლება, რაც ძალაუფლების ერთი პარტიის მიერ მიტაცების რისკს ქმნის და დემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიებს უკარგავს თანაბარ პირობებში შეჯიბრების შესაძლებლობას.
IRI-ის მისიის დასკვნით, პროცესი მრავალმა ფაქტორმა სერიოზულად დააზიანა და არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ეჭვები გააჩინა.
მისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „გადაუდებლად აუცილებელია თანმიმდევრული და სრულყოფილი საარჩევნო რეფორმები, რათა აღმოიფხვრას საარჩევნო პროცესის სამართლებრივი, ადმინისტრაციული და ინსტიტუციური ჩარჩოების სისუსტეები“.
წინასაარჩევნო გარემოს ანალიზი დაიწყო 2024 წლის ივნისში და მოიცავდა 20 საერთაშორისო გრძელვადიან დამკვირვებელს (LTO), რომლებიც საქართველოში ივლისიდან იმყოფებოდნენ, და 28 მოკლევადიან დამკვირვებელს (STO), რომლებიც უშუალოდ საარჩევნო კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ პროცესს.
„კრემლის პოლიტიკის თითქმის 40-წლიანი მცდელობის მიუხედავად, ქართველი ხალხი კვლავ მტკიცედ ესწრაფვის ევროპასთან ინტეგრაციას და დემოკრატიული მომავლის შექმნას“, - ამბობს ის.
ეუთოს დასკვნის შემდეგ
საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნა 20 დეკემბერს გამოაქვეყნა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR).
თუკი 2020 წლის არჩევნების შესახებ ეუთო წერდა: „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საბოლოო ჯამში, ფუნდამენტური უფლებებისადმი პატივისცემით ჩატარებული“, 2024 წლის არჩევნების შესახებ წერს:
- „არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რაც ეხებოდა ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ნაბიჯებს საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად და ამომრჩევლებზე ზეწოლას. ამ ყველაფერმა, შერწყმულმა არჩევნების დღეს გამოვლენილ პრაქტიკასთან, მოახდინა კომპრომეტირება ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობისა, მიეცა ხმა შურისძიების შიშის გარეშე“;
- „მთლიანობაში, საარჩევნო კომისიებისა და სასამართლოების მიერ კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში დაწერილი საჩივრების საფუძვლიანი განხილვის არარსებობამ, ტექნიკური საფუძვლებით ან არასაკმარისი დასაბუთებით საჩივრების უარყოფამ, ასევე, საბოლოო ჯამში, ძირი გამოუთხარა პროცესის სათანადოდ ჩატარებას და მისი ეფექტური გამოსწორების შესაძლებლობას“.
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეუთოს ანგარიში „უკიდურესად კრიტიკულია“ და ის კიდევ ერთი საფუძველია, რომ „საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს“.
ამავე აზრზე არიან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოთხი ოპოზიციური პარტია:
- „ძლიერი საქართველო“,
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“,
- „კოალიცია ცვლილებისთვის“,
- „გახარია საქართველოსთვის“.
ახალი არჩევნების მოთხოვნით საქართველოში უკვე 26 დღეა, საპროტესტო დემონსტრაციები იმართება.
ფორუმი