რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 19 დეკემბერს გამართა დასკვნითი პრესკონფერენცია “წლის შედეგები,” რომელიც შედგა პირდაპირი ხაზის პარალელურად. ამ დროს ქვეყნის მოსახლეობას მისთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდა. სულ შევიდა 2,5 მილიონი შეკითხვა.
პუტინმა რუსეთის მდგომარეობის, ასევე უკრაინაში ომის, დასავლეთთან და ჩინეთთან ურთიერთობის გარდა, ილაპარაკა სირიაზე. რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სირიის მოვლენებით - როცა დაამხვეს და განდევნეს პრეზიდენტი ბაშარ ასადი, ხელისუფლება კი ოპოზიციურმა ჯგუფებმა ჩაიგდეს ხელში - ყველაზე მეტად იხეირა ისრაელმა. პუტინის თქმით, რუსეთი გმობს სირიის ტერიტორიების დაპყრობას. მან იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი ოდესმე დატოვებს სირიას, მაგრამ "ახლა დამატებითი ჯარები შეჰყავს”, - თქვა მან. როგორც ცნობილია, გოლანის მაღლობებთან ერთად, რომელიც ისრაელმა წლების წინათ დაიკავა, ისრაელმა ახლა თავისი ჯარი შეიყვანა ბუფერულ ზონაში, სირიის სამხრეთში.
პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართლის და ტერიტორიული ინტეგრაციის მხარდამჭერია და ეს ასეა სირიის შემთხვევაშიც. რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელი ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად თქვა, რომ ბაშარ ასადის დამხობა რუსეთისთვის „მარცხი” არ არის და რომ რუსეთმა მიაღწია თავის მიზნებს ამ ქვეყანაში.
ასადის ქვეყნიდან წასვლა და რუსეთისთვის თავის შეფარება მოულოდნელად მოხდა. თუმცა მანამდე, 13 წლის განმავალობაში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, ოპოზიციური ძალები ცდილობდნენ ასადის განდევნას, რომელსაც ირანი და რუსეთი ედგნენ მხარში. „სირიაში ათი წლის წინათ შევედით, რათა იქ არ შექმნილიყო ტერორისტული ანკლავი ავღანეთის მსგავსად. მთლიანობაში მიზანს მივაღწიეთ“, - თქვა პუტინმა. მან მსმენელებს აცნობა, რომ ასადს ჯერ არ შეხვედრია, მაგრამ აპირებს.
რუსეთი ახლა ცდილობს, გადაწყვიტოს თავისი ორი სამხედრო ბაზის ბედი სირიაში. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს გარეთ, სირიის გარდა, რუსეთს სამხედრო საყრდენი პუნქტები არ აქვს და მათ საკვანძო მნიშვნელობა აქვთ. პუტინის თანახმად, რუსეთს იქ ამ ბაზების შენარჩუნება სურს. მან დასძინა, რომ „გვაქვს კონტაქტი ყველასთან, ვინც ვითარებას აკონტროლებს იქ, რეგიონის ყველა ქვეყანასთან. მათი უმრავლესობა ამბობს, რომ დაინტერესებულია ჩვენი სამხედრო ბაზების იქ დარჩენით“ - თქვა პუტინმა და გამოაცხადა, რომ თეირანის თხოვნით, სირიიდან 4 ათასი ირანელი სამხედრო გაიყვანა.
ფორუმი