Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს მედვედევის მუქარას, რომ ნატო "ლეგიტიმური სამიზნეა"


კაია კალასი, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი
კაია კალასი, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კაია კალასის განცხადებით, შიში არ უნდა აღძრას რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადებებმა, რომ ნატო წარმოადგენს "ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეს".

მედვედევი გამოეხმაურა ლონდონში გამომავალი გაზეთის, Times-ის მიერ 17 დეკემბერს გამოქვეყნებულ მოსაზრებას, რომ რუსეთის მაღალი რანგის ოფიცრის მკვლელობა იყო "თავდაცვის ლეგიტიმური აქტი საფრთხეში მყოფი ქვეყნისგან". მედვედევმა - რომელიც რუსეთის ექსპრეზიდენტია და მკვეთრი ანტიდასავლური სულისკვეთებითაა ცნობილი - განაცხადა, რომ მოსკოვმა თავის ქმედებებში ანალოგიური ლოგიკით უნდა იხელმძღვანელოს.

Times-ი წერდა, რომ რუსი ოფიცრის მკვლელობა იყო აგრესორის წინააღმდეგ თავდასხმა და რომ დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა უკრაინას უნდა აღმოუჩინონ "ყველანაირი დახმარება, რომელიც მას სჭირდება თავდაცვის სამართლიანი ომის წარმოებისას".

მედვედევმა ნატო და რუსეთის ძალების მოგერიების პროცესში უკრაინის მოკავშირე ქვეყნების ოფიციალური პირები დაადანაშაულა კონფლიქტში მონაწილეობაში, რაც, მისი თქმით, მათ აქცევს "ლეგიტიმურ სამიზნეებად".

მედვედევის განცხადებებზე კითხვის პასუხად, კალასმა რადიო თავისუფლებას 18 დეკემბერს უთხრა: "რუსეთი ყოველთვის იმუქრება. მიზანია ჩვენი შეშინება, ესაა მუქარა, რომელიც აქამდეც მოგვისმენია".

"ვფიქრობ, ჩვენი ერთადერთი პასუხი შეიძლება იყოს ის, რომ არ გვეშინოდეს", - თქვა კალასმა ბრიუსელში, უკრაინის ომის შესახებ ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის წინ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მედვედევის განცხადებები წარმოადგენს კრემლის მორიგ უპასუხისმგებლო რიტორიკას და გაიმეორა, რომ აშშ-სა და ნატოს არ სურთ სამხედრო კონფლიქტი რუსეთთან.

"უკრაინის წინააღმდეგ კრემლის აგრესია წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ევროატლანტიკურ არეალში. ეს ომი კრემლმა დაიწყო და პუტინს შეუძლია ის დღესვე დაასრულოს", - წერს სახელმწიფო დეპარტამენტი რადიო თავისუფლებისთვის გაგზავნილ განცხადებაში.

მედვედევის განცხადებაზე კომენტარის გაკეთების თხოვნას ნატოს პრესსამდივნომ შემდეგი სიტყვებით უპასუხა: "დაგიბრუნდებით, როცა რაიმე სათქმელი გვექნება".

გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი - რუსეთის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ხელმძღვანელი - და მისი თანაშემწე 17 დეკემბერს მოსკოვში ემსხვერპლნენ ელექტროსკუტერზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG