Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
შუამავლები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ცდილობენ, ისრაელის საჰაერო თავდასხმას 16 ადამიანი ემსხვერპლა

შუამავლები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ცდილობენ, ისრაელის საჰაერო თავდასხმას 16 ადამიანი ემსხვერპლა


ღაზის სექტორის სამხრეთში, დევნილთა ხან-იუნისის ბანაკზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შემდეგ. 18 დეკემბერი, 2024 წელი
ღაზის სექტორის სამხრეთში, დევნილთა ხან-იუნისის ბანაკზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შემდეგ. 18 დეკემბერი, 2024 წელი

აშშ და არაბული სახელმწიფოები 18 დეკემბერს განაგრძობენ მცდელობას, შეწყდეს ცეცხლი ისრაელსა და ჰამასს (აშშ-სა და ევროკავშირში გამოცხადებულია ტერორისტულ დაჯგუფებად) შორის.

მედიკოსები ღაზის სექტორიდან იტყობინებიან, რომ ისრაელის თავდასხმას ღამის საათებში, სულ მცირე, 16 პალესტინელი ემსხვერპლა.

Reuters-ი იმოწმებს კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებასთან დაახლოებულ წყაროებს, რომელთა თანახმად, უახლოეს დღეებში მხარეებმა შეიძლება ხელი მოაწერონ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტასა და ღაზაში დაკავებული მძევლების გათავისუფლებაზე, ისრაელის მიერ დაკავებული პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ.

მედიკოსების ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ათი პირი დაიღუპა ქალაქ ბეით-ლახიაში, სადაც ისრაელის არმია ოქტომბრის შემდეგ მოქმედებს, ხოლო ექვსი ადამიანი ემსხვერპლა ცალკეულ საჰაერო დარტყმებს ღაზაში, ნუსეირატის ბანაკში და რაფაჰში, სექტორის სამხრეთში. ისრაელის არმიას ამ თავდასხმებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

აშშ-ის ადმინისტრაცია, რომელსაც ეგვიპტელი და კატარელი შუამავლები შეუერთდნენ, ბოლო დღეებში აქტიურად ცდილობს მოლაპარაკებაში წინსვლას, სანამ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დატოვებდეს თავის თანამდებობას იანვარში. პალესტინელმა მოხელემ განაცხადა, რომ შუამავლებმა შეთანხმების პუნქტების უმეტესობაში გარღვევას მიაღწიეს, მაგრამ ისრაელმა წამოაყენა მოთხოვნა, რომელიც ჰამასმა არ მიიღო. მას დეტალები არ დაუზუსტებია.

18 დეკემბრისთვის დაგეგმილი იყო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის, უილიამ ბერნსის დოჰაში ჩასვლა და კატარის პრემიერ-მინისტრთან, შეიხ მუჰამად ბინ აბდულრაჰმან ალ ტანისთან შეხვედრა, დარჩენილი უთანხმოებების მოსაგვარებლად.

ბოლო წლის განმავალობაში მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა და ყველა წარუმატებლად დასრულდა - ისრაელს სურს ღაზაში თავისი ჯარის ნაწილები დატოვოს, ჰამასი უარზეა მძევლების გათავისუფლებაზე მანამ, სანამ ისრაელის სამხედროები ღაზიდან არ გავლენ.

ღაზაში ომი შარშან ოქტომბერში დაიწყო, ისრაელზე ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ. ამ იერიშის დროს 1200 პირი დაიღუპა და 250 მძევლად გაიტაცეს. ისრაელის საპასუხო სახმელეთო და საჰაერო საომარ მოქმედებებს ღაზაში 45 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, რეგიონის 2,3-მილიონიანი მოსახლეობა იძულებული გახდა, დაეტოვებინა საცხოვრებელი. სექტორის დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG