„მეცა და ხელიდან წამგლიჯა“, „ტელეფონი ჯიბიდან ამომიღო“, - ასე აღწერენ დემონსტრანტები დაკავების სცენებს, რომლის დროსაც არც ოქმი იწერებოდა და არც ნიღბიანებს უჩანდათ სახე. სპეცრაზმელები აქციის მონაწილეების ტელეფონებს უბრალოდ ჯიბეში იდებდნენ და ადამიანების ცემას აგრძელებდნენ.
სამართლებრივად, ეს საქციელი, შესაძლოა, ძარცვად ან სამოხელეო დანაშაულად ჩაითვალოს.
ზოგიერთი დემონსტრანტი თავის ტელეფონს, სპეციალური სამეთვალყურეო აპლიკაციის დახმარებით, ახლაც ხედავს შსს-ს შენობის ტერიტორიაზე, თუმცა ნივთებს მათ არ უბრუნებენ.
"ჩემი ტელეფონის დანახვაზე თვალები აენთო"
21 წლის გიორგი ბრეგვაძეს შვიდი დეკემბრის შუაღამით, აქციაზე, პარლამენტის სიახლოვეს ოთხმა სპეცრაზმელმა სცემა. მას ჯერ ხელბორკილი დაადეს, ცემის დროს კი, ერთ-ერთმა, ჩხრეკისას ტელეფონი ამოაცალა. მას მერე გიორგის თავისი მობილური აღარ უნახავს.
განვადებით ნაყიდი Iphone 15 pro max-ის საფასურს გიორგი დღემდე იხდის.
„რა კარგია, ძალიან კარგიაო, თქვა სპეცრაზმელმა, რომელმაც წამართვა და თვალები აენთო, ჩემი ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ვითომ არაფერი, ჩემი ცემა გააგრძელა“.
საგარეჯოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანამდე, გიორგი ბრეგვაძე კახეთის გზატკეცილზე, პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. წართმეული ტელეფონის ბედი იქაც მოიკითხა - პოლიციელმა უპასუხა, რომ პასუხისმგებელი იყო მხოლოდ იმ ნივთებზე, რომლებიც დაკავებულს განყოფილებაში მიყვანის დროს ჰქონდა თან.
მან ტელეფონის დაბრუნების მოთხოვნით, სახალხო დამცველსაც მიმართა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც. შინ დაბრუნების შემდეგ სპეციალური აპლიკაციით თავისი ტელეფონი მოძებნა. მისი აიფონ 15 - ვაზიანის ტერიტორიაზე გამოჩნდა.
„ზუსტად არ ვიცი, იქ რა უნდოდა, მაგრამ ვიფიქრე, რადგან სამხედრო ბაზაა, შესაძლოა, ვინც ჩემი ტელეფონი წაიღო, იქ იყო... ამ დროის განმავლობაში ტელეფონის ადგილმდებარეობა არ შეცვლილა, თუმცა ეს ალბათ იმიტომ, რომ დღეს ტელეფონი გამორთულია და, სავარაუდოდ, თავდაპირველი ადგილი დაიმახსოვრა“.
„მეც დამაყაჩაღა სპეცრაზმმა“, - მოგვწერა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, რომელმაც უსაფრთხოების მიზნით, ანონიმურად დარჩენა გვთხოვა, თუმცა მოგვიყვა, რომ მას ტელეფონის გარდა, წაართვეს ყურსასმენი და საფულე, რომელშიც ედო პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა და საბანკო ბარათები.
„საწამებელი „მარშრუტკიდან“ რომ გამომიყვანეს პოლიციაზე გადასაცემად, ჩემი ნივთები მაშინ მოვიკითხე და მითხრეს, ნუ გეშინია, დაგიბრუნდებაო. ისეთი ნაცემი ვიყავი, „კაპეზემ“ (წინასწარი დაკავების იზოლატორი) არ მიმიღო და ბოლოს ხელწერილით გამომიშვეს. მეორე დღესაც დავურეკე გამომძიებელს ჩემი ნივთების თაობაზე და მირჩია, ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში დაწერე განცხადებაო“.
განცხადება კი დაწერა, თუმცა, ამ დრომდე არც ვინმე შეხმიანებია, არც ის იცის, სად არის მისი ერთი თვის წინ ნაყიდი ტელეფონი.
ბესიკ ლიპარტელიანს 29 ნოემბერს სცემეს და დაიჭირეს. ტელეფონი დაუმსხვრიეს. ჯიბეში 142 ლარი ედო და ვეღარც ის იპოვა ჯიბეში. წაიღეს მისი ყურსასმენები და სხვა წვრილმანი ნივთები. დაბრუნებით, არაფერი დაუბრუნებიათ.
ტელეფონი და საფულე წაართვეს აქციაზე ცემის დროს გია ჯვარშეიშვილს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის იხსენებდა, რომ სპეცრაზმელებმა ჯიბეში ჩაუყვეს ხელი და ტელეფონი ისე ამოაცალეს.
გია ისევ მოვიკითხეთ - პირადად არავისთვის მიმიმართავს და არც იმედი მაქვს, რომ პირად ნივთებს დამიბრუნებენო.
სპეცრაზმელმა მობილური ტელეფონი წაართვა სალომე ზანდუკელსაც, რომელიც დევნის დროს ცდილობდა სპეცრაზმელებისთვის ვიდეო გადაეღო.
„არც მომიკითხავს და არც იმედი მაქვს, რომ დამიბრუნებენ. აზრი არა აქვს“, - გვეუბნება დღეს სალომე.
ტელეფონები და პირადი კომპიუტერები ჩამოართვეს ბლოგერსა და აქტივისტ დოდი ხარხელსაც, როცა მისი სახლის გასაჩხრეკად შევიდნენ.
„იმედიც კი არ მაქვს, რომ დააბრუნებენ. ჩვეულებრივად დამაყაჩაღეს. ჩემს შემთხვევაში, ოქმი შედგა და აღწერილია, რა წაიღეს. ჩემს მეუღლეს, ლევანს კი, ხელები გადაუგრიხეს და ისე წაართვეს მობილური“.
დოდიმ გვითხრა, რომ ბოლო ადგილი, სადაც მისი კუთვნილი მობილური და სხვა ტექნიკა ჩანს ძებნის აპლიკაციით, გულუას ქუჩაზე მდებარე შსს-ს შენობის ტერიტორიაა.
დაახლოებით ასეთივე ისტორია აქვს კიდევ ათამდე ადამიანს, ვინც ჩვენ მოგვწერა მას მერე, რაც ფეისბუკის ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში მოვიძიეთ აქციების დროს პირადი ნივთები წართმევის შემთხვევები.
თითქმის ყველამ გვკითხა, ხომ არ გამოიყენებს მათ პირად ინფორმაციას, მათ შორის, ტელეფონში დაცულ ფოტო/ვიდეო მასალას თუ მიმოწერას შსს მათ წინააღმდეგ.
ეს სამოხელეო დანაშაულია, შეიძლება კარგად ორგანიზებული ოპერაციაც
სპეცრაზმის მიერ პირადი ნივთების წართმევის არაერთი შემთხვევის შესახებ აქვს ინფორმაცია ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას“ (GDI).
მისი ხელმძღვანელი ედუარდ მარიკაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ ბევრია ნივთების ჩამორთმევის შემთხვევები. ჩამორთმევა არ ნიშნავს კონფისკაციას, ანუ სასამართლოს შემდეგ, როცა ადამიანი თავისუფლდება, ეს ნივთები მას უნდა დაუბრუნდეს. ხოლო თუ ასე არ ხდება (რასაც არაერთი დემონსტრანტი ადასტურებს), ეს დანაშაულია:
„ან ძარცვაა ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რაც ამ ნივთების მითვისებას გულისხმობს. რადგან ეს არ არის მხოლოდ ერთეული შემთხვევები, შესაძლოა, საქმე გვქონდეს შსს-ს მხრიდან ორგანიზებულ დანაშაულთანაც“, - უთხრა ედუარდ მარიკაშვილმა რადიო თავისუფლებას.
იურისტები ჩვენთან საუბარში ხაზგასმით ამბობენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ადამიანს აკავებენ კანონის დაცვით და დგება ოქმი, არ არის სწორი ყველა ნივთის ჩამორთმევა, ამ ნივთებს ჩადენილ დანაშაულთან უნდა ჰქონდეს რამე კავშირი, მაგალითად, მტკიცებულებას წარმოადგენდეს.
თუმცა, რაც დღეს ხდება, გვეუბნება „კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია და გულისხმობს არაიდენტიფიცირებადი სამართალდამცველების მიერ დემონსტრანტებისთვის პირადი ნივთების წართმევის ფაქტებს,
„ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული იმ მოხელეების მხრიდან, ვინც ამას აკეთებს.
ეს არის სამოხელეო დანაშაული, როცა ამ ნივთების ჩამონათვალი არ არის არცერთ ოქმში აღრიცხული, ხალხი კი მათ დაბრუნებას ითხოვს“, - ამბობს ლონდა თოლორაია.
როგორ დავიბრუნოთ წართმეული ნივთები? სად ვეძებოთ ისინი? ეს კითხვა აქვს ყველას, ვისაც ტელეფონი თუ სხვა პირადი ნივთი წაართვეს. იურისტების რჩევით, ერთი გზა ის არის, რომ დაზარალებულებმა პროკურატურას მოსთხოვონ გამოძიება.
რაც მეტი ადამიანი გააკეთებს ამას, მეტია შანსი, რომ ძალოვანი უწყება ამ ნაბიჯს გადადგამს.
პროკურატურის გარდა, საჩივრით მისვლა შეიძლება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშიც, რომლის პირდაპირი ვალდებულებაცაა პოლიციის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.
დააბრუნებენ წართმეულ ტელეფონებს?
ჯერ კიდევ პარასკევს, 13 დეკემბერს გამოვითხოვეთ შსს-სგან ინფორმაცია, აქციის რამდენ მონაწილეს, მათ შორის, დაკავებულ და ნაცემ ადამიანს ჩამოართვეს ტელეფონები და სხვა პირადი ნივთები, სად არის ეს ნივთები ახლა და როდის დაუბრუნდება ან დაუბრუნდება თუ არა საერთოდ ისინი პატრონებს.
შსს-ს ამ კითხვებზე პასუხი არ გაგვცა.
მათ ჯერ არც სახალხო დამცველისთვის გაუციათ ამავე კითხვებზე პასუხი.
ომბუდსმენის ოფისში გვითხრეს, რომ მათაც გამოითხოვეს ინფორმაცია, რადგან სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბარში, იზოლატორებში ვიზიტის დროს, თითქმის ყველა დაკავებული აღნიშნავდა, რომ მათ ტელეფონები წაართვეს და ეს ოქმებშიც წერია.
ასევე გვაინტერესებდა, რამდენმა ადამიანმა მიმართა განცხადებით პირადი ნივთების დაბრუნების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ან დაიწყო თუ არა მოკვლევა, იქნება თუ არა რეაგირება - ეს კითხვები მათაც დავუსვით, თუმცა უშედეგოდ.
ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები
რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:
"ძალადობა" მათთან ერთად, ვისაც არასდროს შეხვედრიხარ - მძიმე ბრალდებები და არაადამიანური მოპყრობა რევაზ კიკნაძის საქმეში
"ნახევარი თმა დამცვივდა პოლიციელის მაგიდაზე " - თორნიკე ჭელიძე დაკავების და 7-დღიანი პატიმრობის ამბავს იხსენებს
„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი