Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bloomberg-ი: რუსეთი ახლოსაა სირიაში თავისი ორი ბაზის შენარჩუნების თაობაზე შეთანხმების მიღწევასთან


რუსეთის ბომბდამშენი Tu-22MZ ბომბავს მეამბოხეთა პოზიციებს სირიაში. 1 ნოემბერი, 2017.
რუსეთის ბომბდამშენი Tu-22MZ ბომბავს მეამბოხეთა პოზიციებს სირიაში. 1 ნოემბერი, 2017.

რუსეთი ახლოსაა იმასთან, რომ სირიის ახალ ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწიოს თავისი ორი სამხედრო ბაზის შენარჩუნებაზე, წერს Bloomberg-ი ხუთშაბათს მოსკოვში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში წყაროებზე დაყრდნობით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიაჩნია, რომ მას შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ალ შამთან“ აქვს „არაოფიციალური გაგება“ სირიის ბაზებზე რუსეთის არმიისა და ტექნიკის დატოვების შესაძლებლობის შესახებ. ამის თაობაზე განაცხადა Bloomberg-ის წყარომ რუსეთში. ამასთან, მოჰყავთ ამ წყაროს სიტყვები იმის თაობაზე, რომ სირიაში არასტაბილური სიტუაციის გამო მაინც ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.

ბლუმბერგი აღნიშნავს, რომ სირიის გარდამავალი მთავრობის წარმომადგენლებისგან ინფორმაციის ოპერატიულად შემოწმება ვერ მოხერხდა. კომენტარის მოთხოვნაზე სააგენტოს არც კრემლში უპასუხეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ ბოგდანოვმა, ხუთშაბათს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მოსკოვი იმედოვნებს სირიაში თავისი ბაზების შენარჩუნებას ამ ქვეყანაში საერთაშორისო ტერორიზმთან შემდგომი ბრძოლისთვის.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ბაზები სირიის ტერიტორიაზე რჩება, რადგან მათთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილება არ არის მიღებული. „ბაზები იქ სირიის ხელისუფლების თხოვნით იყო, მიზანი იყო ბრძოლა ტერორისტებთან, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ვვარაუდობ, რომ ყველა თანახმაა, რომ ტერორიზმთან და „ისლამური სახელმწიფოს“ ნარჩენებთან ბრძოლა არ დასრულებულა,“ მოჰყავს ბოგდანოვის სიტყვები „ინტერფაქსს“.

გარდა ამისა, მიხაილ ბოგდანოვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა პირდაპირი კონტაქტები დაამყარა დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ალ შამის“ პოლიტიკურ კომიტეტთან. სწორედ ეს ჯგუფი ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ მეამბოხე ძალებს, რომლებმაც 27 ნოემბერს დაწყებული სწრაფი შეტევით დაამხვეს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი სირიაში.

გასული კვირის ბოლოს ასადის ოპონენტებმა განაცხადეს, რომ აიღეს დედაქალაქი დამასკი და დაიწყეს გარდამავალი ხელისუფლების ფორმირების პროცესი. სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ სირიის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი 1 მარტამდე იქნება ამბოხებული „სირიის ხსნის მთავრობის“ ყოფილი ხელმძღვანელი მოჰამედ ალ-ბაშირი.

2011 წლიდან სირიაში სამოქალაქო ომი გრძელდება. რუსეთის სამხედროები ამ ომში 2015 წლიდან მონაწილეობენ პრეზიდენტ ასადის მხარეს, ბომბავენ მისი მოწინააღმდეგეების პოზიციებს, ასევე მონაწილეობენ სახმელეთო ოპერაციებში, რომლებშიც ასევე მონაწილეობდნენ დაქირავებულები კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერიდან“.

სირიაში რუსებს აქვთ საზღვაო ბაზა ტარტუსში და საჰაერო ბაზა ლატაკიაში. მათი შემდგომი ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია.

8 დეკემბერს, იმ დღეს, როდესაც ასადის მოწინააღმდეგეებმა დამასკი დაიკავეს, რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ბაშარ ასადი და მისი ოჯახი იმყოფებიან რუსეთში, სადაც მათ თავშესაფარი მიიღეს.

ასადის დამხობამდე მოსკოვი მის ოპონენტებს „ტერორისტებს“ და „რადიკალებს“ უწოდებდა, ახლა მოსკოვში და სახელმწიფო მედიაში ოფიციალური განცხადებების ტონი შეიცვალა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG