რუსეთმა უახლოეს დღეებში შესაძლოა კვლავ გამოიყენოს საშუალო სიშორის ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტა "ორეშნიკი" უკრაინაზე იერიშისთვის. აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით ინფორმაციას სააგენტოები "ასოშიეიტიდ პრესი" და "როიტერსი" ავრცელებენ.
ინფორმირებული წყაროები "ორეშნიკის" გამოყენებას მიიჩნევენ უფრო მეტად დაშინების მცდელობად, რასაც არ შეუძლია გარდატეხის შეტანა ომის მსვლელობაში. "ეს, სავარაუდოდ, იქნება რუსეთის კიდევ ერთი მცდელობა, რომ მოახდინოს ტერორიზება უკრაინისა, რომელიც წარუმატებლობას განიცდის", - განუცხადა წყარომ "როიტერსს".
11 დეკემბერს რუსეთის სამხედრო უწყებამ დაადასტურა როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინის მიერ განხორციელებული იერიში და დააზუსტა, რომ უკრაინამ სამხედრო აეროდრომს ესროლა ექვსი ამერიკული ბალისტიკური რაკეტა ATACMS-ი.
მოსკოვმა განაცხადა, რომ ეს შეტევა "უპასუხოდ არ დარჩება."
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ნოემბრის ვიდეომიმართვაში დაადასტურა, რომ რუსეთმა საშუალო სიშორის უახლესი ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ გაუშვა უკრაინის მიმართულებით.
„გამოცდამ წარმატებით ჩაიარა, რაკეტამ მიზანს მიაღწია. უკრაინის ტერიტორიაზე ქალაქ დნეპროპეტროვსკში განადგურდა ერთ-ერთი უმსხვილესი და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან ცნობილი სამრეწველო კომპლექსი, რომელიც დღესაც უშვებს სარაკეტო ტექნიკას და სხვა შეიარაღებას“, - თქვა 21 ნოემბრის მიმართვაში ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკის“ გამოყენების გადაწყვეტილება რუსეთის სარდლობამ რუსეთის სიღრმეში შორსმსროლელი დასავლური რაკეტებით (ამერიკული ATACMS და ბრიტანულ-ფრანგული SCALP/Storm-Shadow) დარტყმების პასუხად მიიღო.
ფორუმი