Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმწვავესი ენერგოკრიზისი აფხაზეთში - რუსეთის შურისძიება?


დე ფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის დროშები. ილუსტრაცია
დე ფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის დროშები. ილუსტრაცია

აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, რასაც ადგილობრივი მიმომხილველები მოსკოვის უკმაყოფილებასა და შურისძიებას უკავშირებენ.

აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, რასაც ადგილობრივი მიმომხილველები მოსკოვის უკმაყოფილებას უკავშირებენ. ბოლო დღეების განმავლობაში მკაცრი გრაფიკია დაწესებული ელექტროენერგიის მიწოდებაზე, რის გამოც სასწავლო დაწესებულებებში, მათ შორის სკოლებსა და ბაღებში, არდადეგებია გამოცხადებული; ასევე გრაფიკით გაიცემა ხელფასები სამთავრობო უწყებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში; შეჩერებულია ყველა სახის სოციალური დახმარების გაცემა; სირთულეებია ციტრუსის რუსეთში გატანასთან დაკავშირებითაც.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი ვითარების სიმძიმეზე ყველაზე თვალსაჩინოდ მეტყველებს 9 დეკემბრიდან ამოქმედებული ელექტროენერგიის გრაფიკის სტრუქტურა: დენი უწყვეტად მიეწოდება ღამის საათებში, დღისით კი - მხოლოდ 4 საათისა და 40 წუთის განმავლობაში, თუმცა მიეწოდება წყვეტით: ლიმიტის ნახევარი დილას, ნახევარი კი - საღამოს.

აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 2024 წლის ნოემბრიდან დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკა ელექტროენერგიას იღებს რუსეთიდან და ენგურის ჰიდროელექტროსადგურიდან, რომლის წარმოების მოცულობა ახლა უკიდურესადაა შემცირებული ჯვრის წყალსაცავში წყლის დონის კრიტიკული ვარდნის გამო.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ვითარება მართლაც უმძიმესია: საავადმყოფოები ჩივიან, რომ ვერ ამუშავებენ რენტგენის აპარატებს, ულტრაბგერით მოწყობილობებსა და სხვა აღჭურვილობებს.

„რესპუბლიკური სამედიცინო დაწესებულებების უწყვეტი ელექტროენერგიით უზრუნველყოფისთვის დღეში მინიმუმ 5 ტონა საწვავია საჭირო“, - განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბადრა გუნბამ, რომელმაც ე.წ. ფინანსთა სამინისტროს დაავალა, მიიღოს ზომები სამედიცინო მომსახურებისთვის წარმოქმნილი ვალების გადახდისა და საავადმყოფოებისთვის საწვავის მიწოდების მიზნით.

დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის, ედუარდ ბუთბას თქმით, დიდი სამედიცინო დაწესებულებები გენერატორებზე მუშაობენ, მაგრამ რესურსები აქაც შეზღუდულია:

„საჭიროა დიდი რაოდენობით საწვავის დარეზერვება რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის, რომელშიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ სამშობიარო, ჰემოდიალიზისა და ქირურგიული განყოფილებები. ადგილობრივი ადმინისტრაციის დახმარებით, სოხუმის მთავარმა და ინფექციურმა საავადმყოფოებმა უკვე მიიღეს დიზელის გენერატორები. გარდა ამისა, გენერატორებით უზრუნველყოფილია ფსიქიატრიული საავადმყოფო და ონკოლოგიური კლინიკა“.

ელექტროკრიზისის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ აღზრდისა და განათლების კერები. დე ფაქტო განათლების მინისტრის ინალ გაბლიას თქმით, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში 11 დეკემბრიდან 17 დეკემბრამდე არდადეგები გამოცხადდა:

„ჩვენ ვთავაზობთ არდადეგების გამოცხადებას სკოლების, კოლეჯებისა და ბაღების დირექტორებს, რათა მათ გააკონტროლონ სასწავლო პროცესი და ბავშვებმა შინ იმეცადინონ“.

სპეციალისტების ვარაუდით, სავსებით შესაძლებელია, რომ კრიზისი კიდევ უფრო მეტად გამწვავდეს.

„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვიპოვით თუ არა სახსრებს რუსული ელ. ენერგიის მორიგი ნაკადის ექსპორტირებისთვის. ენგურჰესის მინიმალური გამომუშავებით ვერ შევძლებთ კრიზისის მართვას“, - განმარტა დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ, რომელმაც არ დამალა, რომ დახმარებისათვის რამდენჯერმე მიმართა რუსეთის პრემიერ-მინისტრს, მიხაილ მიშუსტინს.

„მიშუსტინს წერილი გავუგზავნე ხელფასების და ზოგადად სოციალური გადასახადების თანადაფინანსების განახლების თხოვნით“, - განაცხადა ვალერი ბგანბამ ერთ-ერთ შეკრებაზე, სადაც კრიზისის დაძლევის გზები განიხილებოდა.

2024 წლის სექტემბრიდან რუსეთმა აფხაზეთს ჯერ შეუჩერა, შემდეგ კი (ნოემბრიდან) მთლიანად შეუწყვიტა ყველა სახის ფინანსური დოტაცია და სოციალური დახმარება (გარდა პენსიებისა).

თუ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მთავრობამ ვერ შეძლო რუსული დენის ექსპორტისათვის საჭირო თანხების მოძიება, აფხაზეთში ენერგოკრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება, რაც უთუოდ გამოიწვევს ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკის კიდევ უფრო მეტად შემცირებას.

„რუსეთიდან მისაღები ელექტროენერგიის საფასური გადახდილია 10 დეკემბრის ჩათვლით. უარეს შემთხვევაში, მოგვიწევს მხოლოდ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის იმედად ყოფნა. ეს ნიშნავს, რომ დღე-ღამის განმავლობაში დენი გვექნება არაუმეტეს ექვსი საათისა“, - განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა ჯანსუღ ნანბამ.

ელექტროენერგიის კრიზისს ერთიორად აღრმავებს კრიპტოვალუტის მაინინგი, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ ვერაფერი მოუხერხა კორუფციისა და ე.წ. სახელმწიფო სტრუქტურების სისუსტის გამო.

გამოსავლის სახით, აფხაზეთის მთავრობაში შექმნილმა ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შტაბმა ადგილობრივ ინტერნეტპროვაიდერებს მოუწოდა, ღამის საათებში მთელი რესპუბლიკის მასშტაბით გამორთონ ინტერნეტი, რომლის საშუალებითაც ხდება უკანონო მაინინგი.

„სავარაუდოდ, ინტერნეტი გაითიშება 00:00 საათიდან 07:00 საათამდე“, - წერენ ადგილობრივი სააგენტოები.

დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სახელმწიფო ენერგოკომპანიის „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელის, ტიმურ ჯინჯოლიას თქმითაც, კრიზისის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ნათამაშევი კრიპტოვალუტის მაინინგს, რომელიც, მოქმედი კანონმდებლობით, აკრძალულია:

„40-45 მგვატი დღე-ღამეში - ამდენს მოიხმარენ მოქმედი მაინინგ-ფერმები. წელიწადში 350 მლნ კვტ/სთ - ეს არის ჩვენი წლიური დეფიციტის ნახევარი. არ მესმის, ეს როგორც შეიძლება, ხედავ რა მდგომარეობაშია რესპუბლიკა, მაგრამ მაინც აგრძელებ ამ საქმეს და კიდევ უფრო ამძიმებ შექმნილ კრიზისს, რომლისგანაც ყველა ზარალდება“.

მაინინგი აფხაზეთში - დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგოუსაფრთხოებას ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის კრიპტოვალუტის მაინინგი, რომლის დიდი ნაწილი უბრალოდ იპარავს ელექტროენერგიას. პრობლემა სათავეს იღებს 2018 წლიდან, როცა ე.წ. სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია „ჩერნომორენერგომ“ განგაში ატეხა მოსალოდნელი ენერგეტიკული კრიზისის გამო. სწორედ კომპანიის წინადადებით მიღებული იქნა კრიპტოვალუტის მაინინგის ამკრძალავი პირველი რეზოლუცია (2018 წლის 29 დეკემბერი), რომლის საფუძველზეც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა იმ დროისთვის ცნობილ ყველა მაინერს. თუმცა, სულ რაღაც ორ თვეში, საქმეში ჩაერია დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი, რომელმაც 2019 წლის 25 თებერვალს მოითხოვა აკრძალვის გაუქმება, რადგან „ის იყო უკანონო და ლახავდა მეწარმეების ინტერესებს“. პარლამენტის გადაწყვეტილებას მოჰყვა მაინინგის სრული ლეგალიზაცია (2020 წლის 21 სექტემბერი). მოგვიანებით მაინინგი ისევ აიკრძალა, მაგრამ იმ დროსათვის პრობლემას უკვე მიღებული ჰქონდა კატასტროფის მასშტაბი.

რუსეთის გადაწყვეტილებამ, ყველა სახის დახმარება შეუჩეროს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას, ენერგეტიკული კრიზისის გარდა, კოლაფსამდე მიიყვანა ე.წ. სახელმწიფო სტრუქტურები. დე ფაქტო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვლადიმირ დელბას თქმით, სახელმწიფო მოხელეები ვერ იღებენ ვერც ხელფასებს და ვერც სხვა სახის გადასახდელებს:

„საერთოდ არაფერს არ იღებენ. უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ვამახვილებ უსაფრთხოების ბლოკზე, ძალოვან სტრუქტურებზე, რომლებიც ასევე დარჩნენ დაფინანსების გარეშე“.

კრიზისის გამწვავების მიზნით რუსეთმა სირთულეები შექმნა ძირითადი აფხაზეთის საექსპორტო პროდუქტის - მანდარინის ექსპორტთან დაკავშირებითაც. 6 დეკემბერს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ აფხაზურ ციტრუსებში აღმოაჩინა „გარკვეული მავნე მწერი“, რის გამოც დატვირთულ სატვირთო მანქანებს დღეების განმავლობაში უწევთ რიგში დგომა რუსეთის საზღვარზე მდინარე ფსოუსთან.

კრიზისის ანატომია

რუსეთსა და სოხუმს შორის ურთიერთობა მთელი წლის განმავლობაში უარესდებოდა. მოსკოვი, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის გასაღრმავებლად, ითხოვდა ამა თუ იმ შეთანხმების (კანონის) გაფორმებას (მიღებას), რასაც სოხუმი, ძირითადად სუვერენიტეტის დაცვის საბაბით, მწვავე შიდა დებატების შემდეგ, უკუაგდებდა.

2024 წლის თებერვალში დღის წესრიგში დადგა შეთანხმება აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტი ითვალისწინებდა უწყებებს შორის გამოცდილების გაცვლას, აფხაზეთის უშიშროების ძალების მომზადებას რუსულ სასწავლო ცენტრებში, ერთობლივი ვარჯიშებისა და წვრთნების ჩატარებასა და საკანონმდებლო აქტების გაცვლას. თუმცა მას შემდეგ, რაც აფხაზურმა ოპოზიციამ განგაში ატეხა (დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ როსგვარდია პირდაპირ ჩაერევა აფხაზეთის საშინაო საქმეებშიო), დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა უარი თქვა ხელშეკრულების რატიფიცირებაზე.

„ჩვენ ვიზიარებთ მოქალაქეების შეშფოთებას. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენს უწყებაში, ისევე როგორც ქვეყნის მთელ ხელმძღვანელობაში, არ არსებობს ხალხი, რომელიც მზად არის იმოქმედოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ. ჩვენი კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფას ახდენდნენ უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოები“, - განაცხადა მაშინ შსს-ს ხელმძღვანელმა რობერტ კიუტმა.

2024 წლის ივლისში აფხაზეთის პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინა ე.წ. აპარტამენტების კანონი, რომელიც საშუალებას აძლევდა უცხოელ ინვესტორებს, აეშენებინათ და დაერეგისტრირებინათ უძრავი ქონება. ასლან ბჟანიას მთავრობა მიიჩნევდა, რომ ეს ინიციატივა ბიძგს მისცემდა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას და ხელს შეუწყობდა ბიუჯეტის შევსებას. თუმცა, პასუხად ოპოზიციამ განაცხადა, რომ კანონი გამოიწვევდა დემოგრაფიული ბალანსის დარღვევას.

„ამ კანონით ჩვენ შემოვიყვანთ აფხაზეთში მინიმუმ 60 ათას ადამიანს, რომლებიც მზად იქნებიან გარკვეული თანხების სანაცვლოდ შეიძინონ ეს აპარტამენტები“, - განაცხადა „აიდგილარას“ ლიდერმა კან კვარჩიამ.

მწვავე საპროტესტო აქციების შემდეგ პარლამენტი იძულებული გახდა უარი ეთქვა კანონპროექტის მიღებაზე.

და ბოლოს, 2023 წლის ნოემბერი. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი ემზადებოდა რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებისათვის. დოკუმენტი რუსულ მსხვილ ბიზნესს (რომელიც მინიმუმ 2 მილიარდი რუბლის ინვესტიციას განახორციელებდა ნებისმიერ პროექტში) უწესებდა უამრავ პრივილეგიას: რვა წლით ათავისუფლებდა საბაჟო და სხვა სახის (ქონების, მოგების) გადასახადებისგან, ხოლო დღგ მათთვის მხოლოდ 5% იქნებოდა. რუსი ინვესტორები ასევე მიიღებდნენ კვოტებს უცხოელი მუშახელის ჩამოყვანაზე.

2024 წლის ოქტომბრის ბოლოს რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა და დე ფაქტო აფხაზეთის ვიცე-პრემიერმა კრისტინა ოზგანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, ხოლო დოკუმენტის განხილვა-რატიფიკაცია პარლამენტში 15 ნოემბრისათვის დაინიშნა, თუმცა სოხუმში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო: ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაიკავეს სამთავრობო კვარტალი, რაც საბოლოო ჯამში დე ფაქტო პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომით დასრულდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 3 დეკემბერს დე ფაქტო პარლამენტმა უარი თქვა ხელშეკრულების რატიფიცირებაზე.

სწორედ ამ მოვლენების ფონზე განაცხადა დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ, რომ რუსეთმა თითქმის მთლიანად შეუწყვიტა სოხუმს ფინანსური დახმარება. ე.წ. ფინანსთა მინისტრის ვლადიმირ დელბას განცხადებით, აფხაზეთის ბიუჯეტი 2024 წლის ბოლომდე ვერ მიიღებს დაგეგმილ 1,8 მილიარდ რუბლს. რუსი პოლიტიკოსები არ მალავენ, რომ შესაძლებელია სოხუმთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაციება. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინ ზატულინი ამბობს, რომ „დროა უმკურნალონ აფხაზურ პარაზიტიზმს, რომელიც იქ წლების განმავლობაში ვითარდებოდა“.

კონსტანტინ ზატულინი
კონსტანტინ ზატულინი

აფხაზი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი ინალ ხაშიგი რუსული მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ არსებული პოლიტიკური და ენერგეტიკული კრიზისი, სავარაუდოდ, ზამთრის ბოლომდე გაგრძელდება:

„2025 წლის 15 თებერვალს დანიშნულია ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. მიმაჩნია, რომ მხოლოდ კენჭისყრის შემდეგ აღდგება მოსკოვთან დიალოგი და დაიწყება რამდენიმე ორმხრივად მისაღები ვარიანტის ძიება. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიხილავთ კომპრომისულ გადაწყვეტილებებს. ალბათ, რუსული მხარე მოთხოვნებს შეარბილებს. სოხუმის მიერ დაწუნებული საინვესტიციო შეთანხმება აშკარად ცალმხრივი იყო“.

ინალ ხაშიგის თქმით, შექმნილმა კრიზისმა შეიძლება დადებითად იმოქმედოს აფხაზეთის საზოგადოებასა და პოლიტიკურ კლასზე:

„ბოლო წლებში იცვლებოდნენ პრეზიდენტები, მაგრამ კურსი იგივე რჩებოდა. რესპუბლიკა უბრალოდ დინებას მიჰყვებოდა, განვითარებაზე დიდად არავინ ზრუნავდა. ხელისუფლება მხოლოდ რუსეთის იმედად იყო, თუმცა რუსეთი სულაც არ არის ვალდებული, რომ მუდმივად გვაჭამოს. ალბათ, ახლა ჩინოვნიკები მიხვდებიან, რომ ბევრი რამ უნდა შეიცვალოს მართვის სისტემაში, როგორმე უნდა გამოაცოცხლონ შიდა ეკონომიკა და იზრუნონ თვითკმარობისთვის“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG