Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბჟანია: სანამ ჩვენ და რუსეთი მოკავშირეები ვართ, არაფერი გვემუქრება


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "პრეზიდენტი" ასლან ბჟანია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "პრეზიდენტი" ასლან ბჟანია

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, საქართველო უარს არ ამბობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, მაგრამ სანამ აფხაზეთი და რუსეთი მოკავშირეები არიან, არაფერი ემუქრებათ.

როგორც აფხაზური სააგენტო „აფსნიპრესი“ წერს, 4 აგვისტოს, „ქალაქ სოხუმის აქტივთან“ შეხვედრისას ბჟანიას შეკითხვა დაუსვეს „აფხაზეთის სამხედრო უსაფრთხოების“ შესახებაც. დე ფაქტო პრეზიდენტის პასუხი იყო, რომ ეს „გარანტირებულია აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მიერ უწყვეტი კავშირით რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან“.

„სანამ ჩვენ მოკავშირეები ვართ, სანამ ერთად ვართ, არაფერი გვემუქრება“, - განაცხადა ბჟანიამ. მისივე თქმით, აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა და უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილება ნიშნავს მუდმივად შეიარაღებულ რამდენიმე ათასს ადამიანს: „ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, სურათი სავალალო იქნებოდა. არა იმიტომ, რომ ვინმესი გვეშინია. არ გვეშინია, რადგან მართალი ვართ, მაგრამ მსოფლიოში ბევრი რამ იცვლება და რევანშისტული განწყობები არსად წასულა“.

ბჟანიას განცხადებითვე, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი აფხაზეთის მთლიან "სახელმწიფო ბიუჯეტზე" მეტია და საქართველო არ ამბობს უარს იმის აღდგენაზე, რასაც საკუთარ "ტერიტორიულ მთლიანობად მიიჩნევს". ოკუპირებული აფხაზეთის წლევანდელი, ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც დიდწილად რუსეთისგან მიღებული დაფინანსებით იქმნება, დაახლოებით 12 მილიარდი რუბლია(დაახლოებით 541 მილიონი ლარი).

XS
SM
MD
LG