8 დეკემბერს, 19.30 სთ-ზე, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შინ მიუტანეს უწყება, რომლის მიხედვითაც, გიორგი ვაშაძე დაბარებულია დეპარტამენტში (გულუას ქუჩა N8) 9 დეკემბერს, 12.00 საათზე, მოწმის სტატუსით დასაკითხად საქმეზე, რომელიც აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით - ჯგუფური ძალადობა, ორგანიზება და მასში მონაწილეობა.
გიორგი ვაშაძემ უარი განაცხადა უწყების ხელმოწერაზე, ვიდრე არ დაელაპარაკებოდა თავის ადვოკატს.
„კრიმინალური პოლიცია მე კი არ უნდა დამდევდეს, კრიმინალს უნდა ებრძოდეს. ადვოკატს დაველაპარაკები, მაქვს ამის უფლება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომელმაც პოლიციელების წასვლის შემდეგ სოციალურ ქსელ facebook-ში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ამგვარი მეთოდებით რეჟიმი უშედეგოდ ცდილობს ქუჩაში გამოსული ხალხის დაშინებას.
„მოვიდნენ რაღაც უწყების გადმოსაცემად, მაგრამ, მეგობრებო, ვიბრძვით ბოლომდე, ძალა ერთობაშია, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამ ადამიანებს ბოდიში ექნებათ საჯაროდ მოსახდელი იმაზე, რაც ახლა ქვეყანაში ხდება. ყველას უფლებებს დავიცავთ და ყველანი ვიქნებით ერთიანები. რეჟიმი სუსტდება, რეჟიმი მარტივად დასამარცხებელია, წინ ერთიანობით. ყველანი ტრადიციულად ვიკრიბებით რუსთაველსა და თავისუფლების მოედანზე. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას, რაც არ უნდა სახლებში გვივარდებოდნენ 37 წელივით. ვერაფერს ვერ იზამენ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, პოლიცია გამოგონილი საქმეებით დევნის ხელისუფლების ოპონენტებს, ნაცვლად იმისა, რომ ნამდვილი დანაშაული - ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სასტიკი დარბევის საქმე - გამოიძიოს.
ფორუმი