საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ერთ კვირაში მიიღებენ კანონს, რომლითაც აქციის მონაწილეებს სახის დაფარვას აუკრძალავენ. მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას შეკრებების წარმართვის დროს“.
პრემიერმა ამ საკითხზე საუბრის დაწყებამდე ახსენა „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე დავდასხმა, რასაც პროვოკაცია უწოდა. მან დიდი იმედი გამოთქვა, რომ გამოძიებენ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს თავდასხმის შემთხვევას.
„გამომდინარე იქედან, რომ არის ძალიან ბევრი ნიღბიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს უჭირს რეაგირება - ვეღარ ხდება იმის გარჩევა, ვინ არის მომიტინგე, ვინ არ არის მომიტინგე...
ჩვენ მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე, შეკრების მონაწილეთა მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეთა მიერ, სხვადასხვა საშუალებებით სახის დაფარვა, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ხელისუფლება კანონის მიღებას მომავალი კვირის ბოლომდე გეგმავს.
„ჩვენ მოვახერხებთ ტექნიკურად ისე ორგანიზებას, რომ მომავალი კვირის ბოლომდე იქნას მიღებული კანონი. ეს კანონი თვის ბოლომდე ამოქმედდება“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
კანონპროექტის მისაღებად საჭიროა პარლამენტში სამჯერ გაიმართოს ბიუროსა და კომიტეტების სხდომები, სამჯერ ჩატარდეს კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე. იმ შემთხვევაში კი, თუ კანონს ვეტოს დაადებს პრეზიდენტი, კიდევ ერთხელ უნდა ჩატარდეს ბიუროს, კომიტეტისა და პლენარული სხდომები.
მეთერთმეტე დღეა დედაქალაქის ცენტრში არ წყდება ათასობით ადამიანის პროტესტი - მოქალაქეები აპროტესტებენ მმართველ პარტიაში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.
საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.
ფორუმი