Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bloomberg-ი: ევროკავშირი აშშ-ს გაზპრომბანკის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებისკენ მოუწოდებს


Bloomberg-ი იტყობინება, რომ ევროკავშირი აშშ-ს რუსეთის გაზპრომბანკის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებისკენ მოუწოდებს.

ბოლოდროინდელი შეზღუდვების შემოღების შემდეგ, ევროპის ზოგიერთმა კომპანიამ და მთავრობამ გაფრთხილება გამოთქვა თავიანთი ენერგეტიკული უსაფრთხოების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინმა გააუქმა რუსული გაზისთვის მხოლოდ გაზპრომბანკის მეშვეობით გადახდის მოთხოვნა, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

პუტინის ახალი განკარგულებით, უცხოელ მყიდველებს შეუძლიათ სხვა ბანკების გამოყენება ვალუტის რუბლებში კონვერტირებისთვის, მაგრამ გადახდა შესრულებულად ითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუბლები ჩაირიცხება გაზპრომბანკის ანგარიშზე, რომელიც ერთადერთ უფლებამოსილ ბანკად რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ დადგენილებამ ხელი შეუწყო გაზის ევროპული ბაზრის სტაბილიზაციას, გადახდის ახალმა სისტემამ პროცესი გაართულა და იურიდიული გაურკვევლობა შეუქმნა ბანკებს, აღნიშნავს Bloomber-ი. ამიტომ ევროკავშირი აშშ-თან ერთად განიხილავს გაზპრომბანკის ლუქსემბურგის შვილობილი კომპანიის ან გადახდის სხვა არხების გამოყენების შესაძლებლობას.

წელს, 21 ნოემბერს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გაზპრომბანკის მოქმედების შეზღუდვის სანქციები შემოიღო, რითაც უცხოელი მყიდველებისთვის რუსული გაზის მიწოდებისთვის საფასურის გადახდა პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა. ახალი შემზღუდველი ზომების თანახმად, ოპერაციები ბანკის მონაწილეობით ნებადართულია 20 დეკემბრამდე.

აშშ-მა გამონაკლისი დაუშვა პროექტ "სახალინ-2"-ის ოპერაციისთვის - 2025 წლის 28 ივნისამდე.

სანქციების დასაბუთებისას, ვაშინგტონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი გაზპრომბანკს იყენებს საომარი აღჭურვილობის შესაძენად უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად და რუსი სამხედროებისთვის ანაზღაურების გადასარიცხად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG