პალესტინის ავტონომიის ოფიციალური პირების თანახმად, 29 ადამიანი იქნა მოკლული, მათ შორის ოთხი მედიკოსი, ისრაელის თავდასხმის შედეგად ერთ-ერთ ბოლო დარჩენილ საავადმყოფოზე ღაზის ჩრდილოეთში, ბეით ლაჰიაში.
„კამალ ადვანის“ საავადმყოფოს დირექტორის, ჰასუმ აბუ საფიას თქმით, ვითარება საავადმყოფოს გარშემო და შიგნით „კატასტროფულია“.
Associated Press-ის მიერ მოპოვებული მსხვერპლის სიის მიხედვით, დაღუპულთა შორის ხუთი ბავშვი და ხუთი ქალია.
ისრაელის სამხედროებმა უარყვეს, რომ მათმა ძალებმა დაარტყეს საავადმყოფოს, ან შიგნით შევიდნენ. არმიის განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, „საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინირებული ძალისხმევა მიმდინარეობდა პაციენტების, თანმხლები და სამედიცინო პერსონალის სხვა საავადმყოფოებში გადაყვანის მიზნით“.
ცნობით, ინდონეზიელი ექიმების ჯგუფი, რომელიც გასული კვირის განმავლობაში ეხმარებოდა „კამალ ადვანის“ საავადმყოფოს პერსონალს, იძულებული გახდა ფეხით დაეტოვებინა შენობა ევაკუაციისას მას შემდეგ, რაც ტერიტორია გარშემორტყმული იყო ისრაელის ჯარისკაცებით. ისრაელის სამხედროებს არ გაუკეთებიათ კომენტარი სამედიცინო ჯგუფის გაძევების შესახებ.
ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) წინააღმდეგ ისრაელის ომმა პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში, გაანადგურა ღაზას უზარმაზარი ტერიტორიები და 2.3-მილიონიანი მოსახლეობის 90% აიძულა დაეტოვებინა საცხოვრებელი, ხშირად რამდენჯერმე. ომი დაიწყო ისრაელის სამხრეთში ჰამასის შეიჭრის საპასუხოდ 2023 წლის ოქტომბერში, როცა დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა და მძევლად აიყვანეს დაახლოებით 250 ადამიანი.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის საპასუხო საომარი მოქმედების შედეგად დაიღუპა 44 600 პალესტინელი, მათგან ნახევარზე მეტი ქალი და ბავშვია. ისრაელი აცხადებს, რომ მოკლულია მოწინააღმდეგის 17 000-ზე მეტი მებრძოლი.
ფორუმი