Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პუბლიკის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ


მინდია გაბაძე - ჟურნალისტი, რომელსაც თავს დაესხნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
მინდია გაბაძე - ჟურნალისტი, რომელსაც თავს დაესხნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

ონლაინგამოცემა "პუბლიკის" ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ რუსთაველის გამზირზე, ეროვნულ გალერეასთან. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგნენ პოლიციელებიც, თუმცა მყისიერი რეაგირება არ მოუხდენიათ.

როგორც "პუბლიკის" მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, მოქალაქეები პოლიციასთან მიდიან და მათთან ახლოს მომხდარ ფაქტზე რეაგირებისთვის მიმართავენ, თუმცა ერთ-ერთი პოლიციელი მანქანიდან არ გადმოდის, მეორე კი მოქალაქეების მოწოდების მიუხედავად, მანქანაში მშვიდად ჯდება.

შემთხვევის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ჰყვება თავად გაბაძეც :

"ცისფერ გალერეასთან" ამოვიდნენ აქტივისტები, სადაც გრძელდებოდა მხატვრების პროტესტი. ამ დროს უბრალოდ გვერდზე გამოვედი, ვტვირთავდი მასალებს [რედაქციისთვის] და ვახორციელებდი ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობას, რა დროსაც ვიღაც პირი მომიახლოვდა, მეც შევხედე, [მითხრა] რას მიყურებო, მოვიდა და ძალიან ძლიერად დამარტყა ისე, რომ წარბი გამისკდა, მგონი.

ერთი პიროვნება იყო, ვინც პირველად მოვიდა, თავს დამესხა და მერე რამდენიმე მირტყამდა. ზუსტად არ ვიცი - რამდენი", - ჰყვება ჟურნალისტი.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში პოლიციამ ის ჯერ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა, მოგვიანებით კი - კლინიკაში.

მომხდარს გამოეხმაურა "პუბლიკის" დირექტორი ზურა ვარდიაშვილიც. მისი თქმით, ჟურნალისტს თავს "ტიტუშკები" დაესხნენ :

"ჟურნალისტებზე ტერორი გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ ცისფერ გალერეასთან ტიტუშკები თავს დაესხნენ პუბლიკის ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს, მას სცემდნენ პოლიციის ეკიპაჟის თვალწინ, პოლიცია არც განძრეულა. როცა ხალხი მივარდა და მოითხოვა თავდამსხმელების დაკავება, პოლიციელები ჩასხდნენ მანქანაში და მიიკეტეს კარი", - დაწერა ვარდიაშვილმა ფეისბუკზე.

გამოძიების დაწყების თაობაზე ინფორმაციას რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აზუსტებს. როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, დაზუსტებულ ცნობებს მოგვიანებით მოგვაწვდიან.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიმდინარე პროტესტების გაშუქებისას ჟურნალისტებს თავს ესხმიან. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო, 20-მდე ჟურნალისტი დაშავდა. მათ შორის, პირველ დღეებში სპეცრაზმმა დააკავა და სცემა "პუბლიკის" ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს, რომელსაც ცხვირის ოპერაცია დასჭირდა. აქციის დარბევის გაშუქებისას თავს დაეხნენ რადიო თავისუფლების ჟურნალისტ დავით ცაგარელსაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG