Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქერჩის რაიონში აფეთქებები იყო, ე.წ. ყირიმის ხიდი დროებით დაკეტეს


ყირიმის, იგივე ქერჩის ხიდი
ყირიმის, იგივე ქერჩის ხიდი

6 დეკემბერს, გამთენიისას, აფეთქებები იყო რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ქალაქ ქერჩის რაიონში. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებიან.

რუსეთის მიერ აშენებული ე.წ. ყირიმის, იგივე ქერჩის ხიდისკენ მიმავალი გზების საინფორმაციო ცენტრის ოპერატიული არხით დილის 6 საათისთვის გავრცელდა შეტყობინება, რომ ხიდზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლა დროებით შეწყვეტილია. მიზეზი დასახელებული არ ყოფილა.

დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ყირიმის თავზე გაანადგურეს ერთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო შავ ზღვაში - ორი უეკიპაჟო კატერი, რომლებიც ნახევარკუნძულისკენ მიემართებოდნენ. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

უკრაინას ყირიმზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში რუსეთის მიერ აშენებულ ხიდზე 2022 წლის ოქტომბერში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ გამოიწვია ხიდის საავტომობილო ნაწილის ნგრევა და ძლიერი ხანძარი ხიდის სარკინიგზო ნაწილზე. რუსეთის მონაცემებით, დაიღუპა სამი ადამიანი.

უკრაინამ ოფიციალურად მხოლოდ 2023 წლის ივლისში დაადასტურა, რომ ყირიმის ხიდზე 2022 წლის ოქტომბერში მომხდარი აფეთქება მისი ორგანიზებული იყო.

2023 წლის ივლისში ყირიმის ხიდზე მორიგი შეტევა განხორციელდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG