მეტროს-სადგურ „რუსთაველსა“ და "თავისუფლების მოედანზე" სამართალდამცავები დღესაც (5 დეკემბერს) ჩხრეკენ მოქალაქეებს, რომლებიც ამ სადგურებში ამოდიან.
„ტვ პირველის“ პირდაპირი ეთერის კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავების ხსნიან მოქალაქეების ჩანთებს. სთხოვენ პირადობის მოწმობის წარდგენას და მათ ვინაობას ბლოკნოტებში ინიშნავენ.
ერთ-ერთი სამართალდამცავი ჟურნალისტს ეუბნება, რომ ისინი მგზავრებს ჩხრეკენ „პრევენციის მიზნით და ინიშნავენ მათ მონაცემებს“.
4 დეკემბერს, საღამოს, როდესაც სამართალდამცავებმა მეტროს-სადგურების მგზავრების ჩხრეკა დაიწყეს, შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ ეს არა ჩხრეკა, არამედ „ზედაპირული დათვალიერებაა“ და მათ ამის უფლებას აძლევს „პოლიციის შესახებ კანონის“-ის 22-ე მუხლი.
ამ განცხადების შემდეგ, „ახალგაზრდა იურისთა ასოციაციამ“ განმარტა, რომ ეს პროცესი მოქალაქეების დაშინებას და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დევნას ემსახურება:
„პოლიციის შესახებ კანონის მიხედვით, პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. პოლიციელს არ აქვს უფლება ზედაპირული შემოწმების პირობებში პირს მოსთხოვოს ჩანთის გახსნა ან ჩამოართვას ნივთი“.
მერვე დღეა, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრაციები იმართება.
მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.
„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს.
დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.
ფორუმი