შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სიცრუეა მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები უწყების რიგებს ტოვებენ.
სამინისტროში ამბობენ, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელება უწყების და თითოეული თანამშრომლის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
„ამასთანავე, ზოგიერთი მედიასაშუალებისა და პოლიტიკური ჯგუფების წევრების მხრიდან მიზანმიმართული ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის მიწოდება ემსახურება საზოგადოებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯის შელახვას“.
რაც შეეხება, 4 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სამსახური დატოვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა, უწყებაში აცხადებენ, რომ მან პირადი პატაკით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუვრცელებია განცხადება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გასაჯაროებულ ასკაციან სიაზე, რომელიც, მისი მტკიცებით, აერთიანებს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, კონკრეტულად კი იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობენ ნოემბერ-დეკემბერში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქციების დაშლასა და დემონსტრანტების, მათ შორის ჟურნალისტების ცემასა და დაკავებაში.
"მთავარ არხში" ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია მათ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ფარულად მიაწოდეს.
მათივე მტკიცებით, ამ სიაში მყოფი პირების ოჯახის წევრებმა იციან, რომ მათი შვილები კონფლიქტის ზონაში, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ, ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში იმყოფებიან "მივლინებით" და არა რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციებზე.
შვიდი ღამეა, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრაციები იმართება.
მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.
„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს.
დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.
ფორუმი