სამართალდამცავები მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ.
გიორგი ხაჭაპურიძე სპეცრაზმელებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქციის დაშლისას, 4 დეკემბერს, ღამის 2-ის ნახევარზე დააკავეს.
ამბობს, რომ დაკავებისას და გზაში იზოლატორამდე, პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაკავებისას კი შეასხეს წიწაკის სპრეი.
დაკავებული კაცი სისხლიანი შარვლითა და ქურთუკით მიიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. სახეზე ეტყობოდა ცემის კვალიც.
გიორგი ხაჭაპურიძემ სხდომათა დარბაზში მოყვა, რომ აქციის მონაწილე არ ყოფილა და რუსთაველის გავლით მეგობართან მიდიოდა. ახსოვს, რომ ფარი მიაწოდა სპეცრაზმელს და ამ დროს დააკავეს.
მან ვერ დააზუსტა დაკავების დრო, მეტროსადგური, რომლითაც ისარგებლა, მეგობრის მისამართი.
გიორგი ხაჭაპურიძემ თქვა, რომ "ომის მონაწილე და ვეტერანია, თავში აქვს იმპლანტი და ცემის გამო „ვერ აზროვნებს საღად“.
დაკავების ოქმის თანახმად, გიორგი ხაჭაპურიძე მთვრალი იყო. მოსამართლე დაინტერესდა, თუკი მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, რატომ წავიდა მეგობართან იმ გზით, სადაც მიტინგი იმართებოდა, რატომ არ შეარჩია შემოვლითი გზა, თუ იქნებ აინტერესებდა, იქ რა ხდებოდა?
პროცესზე დაიკითხა ორი პოლიციელი, აქედან ერთმა თქვა, რომ დაკავების გადაწყვეტილება თავად მიიღო, მეორემ კი განაცხადა, რომ დაკავებაში მას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები დაეხმარნენ.
თავად კი 10-12 მეტრის მოშორებით იდგნენ და ასე გაიგეს, როგორ აგინებდა გიორგი ხაჭაპურიძე ხელისუფლებას და რუსეთს.
სასამართლოს სხდომაზე შსს-ს მტკიცებულების სახით არ წარმოუდგენია პოლიციელთა სამხრე კამერების ჩანაწერები: "24 საათი ვმუშაობთ და მაგ დროისთვის დაჯდა", - თქვეს მათ.
შსს წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზში თქვეს, რომ გიორგი ხაჭაპურიძე რამდენჯერმე მივიდა სამართალდამცავების კორდონთან და ცდილობდა შეღწევას.
გიორგი ხაჭაპურიძის ადვოკატი: როგორ გაარჩიეთ რომ იგინებოდა, თუ ასეთი ხმაური იყო?
პოლიციელი: ვხედავდი.
ადვოკატი: ერთია - ხედავდით, მეორე - გესმოდათ.
პოლიციელი: ვხედავდი და მესმოდა.
ადვოკატი: მაგრამ ის ვერ დაინახეთ, რომ ფარი ხელში ეჭირა და სპეცრაზმს აწვდიდა....
ფარი დაინახა მეორე მოწმე პოლიციელმა და თქვა: „კი, სხვათა შორის, მახსოვს, რომ ფარი ხელში ეჭირა, მერე რა მოხდა, არ ვიცი“.
მოსამართლემ სარწმუნოდ არ მიიჩნია დაკავებულის მონათხრობი და მას 2200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
„ეს შარვალი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მტკიცებულებად წავა", - თქვეს გიორგი ხაჭაპურიძის ოჯახის წევრებმა, რომლებიც სასამართლო პროცესს დაესწრნენ.
შვიდი ღამეა, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრაციები იმართება.
მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.
„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს.
დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.
ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები
რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:
„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი
ფორუმი