Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეის მთავრობამ გააუქმა საომარი მდგომარეობა, რომელიც  პრეზიდენტმა შემოიღო და პარლამენტმა უარყო 


პარლამენტთან შეკრებილები სეულში. 4 დეკემბერი, 2024 წელი
პარლამენტთან შეკრებილები სეულში. 4 დეკემბერი, 2024 წელი

სამხრეთ კორეის მთავრობამ გააუქმა პრეზიდენტის მიერ საომარი მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მას მერე, რაც ქვეყნის პარლამენტმა მას კენჭი უყარა და უარყო.

მანამდე, 3 დეკემბერს, აშშ-მა იმედი გამოთქვა, რომ სამხრეთ კორეის მთავრობა პატივს სცემდა საკანონმდებლო ორგანოს წევრების გადაწყვეტილებას და გააუქმებდა საომარ მდგომარეობას.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება ახსნა ჩრდილოეთ კორეის შიდა მხარდამჭერებთან ბრძოლის აუცილებლობით.

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ქვეყნის მთავარი ოპოზიციური გაერთიანების, დემოკრატიული პარტიის მიერ მნიშვნელოვანი სამთავრობო პირებისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მცდელობის შემდეგ.

სატელევიზიო მიმართვაში იუნმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ მთავრობის მუშაობისა და სასამართლო სისტემის პარალიზება მოახდინა. მისი თქმით, საომარი მდგომარეობა ხელს შეუწყობს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნებას. მან დემოკრატიული პარტია "საკანონმდებლო დიქტატურაში" დაადანაშაულა და პარლამენტს "დამნაშავეთა ბუდე" უწოდა.

პარლამენტში კენჭისყრის შემდეგ, პრეზიდენტს საომარი მდგომარეობის მოხსნისკენ მოუწოდა სამხრეთ კორეის მმართველმა პარტიამაც.

საინფორმაციო სააგენტო "იონჰაპის" ცნობით, ოპოზიცია ითხოვდა მთავარი სახელმწიფო აუდიტორისა და გენერალური პროკურორის გადადგომას. პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტმა, ხელისუფლების ზეწოლის საწინააღმდეგოდ, ბიუჯეტის შემცირების კანონპროექტი დაამტკიცა. დემოკრატიული პარტიის ლიდერმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არაკონსტიტუციური და საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უწოდა. 3 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრომ მოიწვია მეთაურების სხდომა და სამხედროებს საგანგებო მზადყოფნა უბრძანა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG