Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციის მონაწილეების ნაწილი თავისუფლების მოედანთანაა, მომიტინგეები რჩებიან რუსთაველზეც


მომიტინგეების მსვლელობა ბარათაშვილის ქუჩაზე. 3 დეკემბერი, 2024 წელი
მომიტინგეების მსვლელობა ბარათაშვილის ქუჩაზე. 3 დეკემბერი, 2024 წელი

სპეცრაზმის მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების მიუხედავად, თბილისის ცენტრში პროევროპული აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეების ძირითადი ნაწილი რუსთაველის გამზირზე რჩება, მოქალაქეთა კიდევ ერთი ჯგუფი მსვლელობით მივიდა თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიასთან.

აქციის მონაწილეების ძირითადი ნაწილი კვლავ რუსთაველის გამზირზე რჩება - ისინი ოპერის თეატრიდან თითქმის რესპუბლიკის მოედნამდე დგანან.

თავისუფლების მოედნიდან დაახლოებით ცისფერ გალერეამდე ტერიტორია სპეცრაზმს უკავია. ადგილზეა წყლის ჭავლის მანქანა. სპეცრაზმელები პერიოდულად მომიტინგეების მისამართით გაზის კაფსულებს ისვრიან.

აქციის მონაწილეების მეორე ნაწილი სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩის გავლით მსვლელობით მივიდა თავისუფლების მოედანთან. მათ ადგილზე სპეცრაზმის კორდონი დახვდათ, შესაბამისად, აღარ მიეცათ მოედნის მიმართულებით გზის გაგრძელების საშუალება.

2 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინა დღეებთან შედარებით უფრო ადრე, 21:45 საათზე დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა.

მანამდე, აქციის მონაწილეების შეკრებიდან რამდენიმე წუთში, დაახლოებით 19:30 საათზე, პარლამენტის შენობის ეზოდან, სახანძრო მანქანებიდან გამოიყენეს წყლის ჭავლი მომიტინგეების წინააღმდეგ.

პოლიცია თავისუფლების მოედნიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრა და აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით გადაიყვანა.

პარლამენტის წინა ტერიტორია 21:50 საათისთვის უკვე დაიკავეს სპეცრაზმელებმა. ისინი ქაშვეთის ეკლესიის ჩასასვლელთანაც განლაგდნენ.

პოლიციის კორდონი 21:55 საათისთვის ჩადგა "ცისფერი გალერეის" წინ.

პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გაუშვა 22:10 საათისათვის. პერიოდულად ისვრიან გაზის კაფსულებსაც.

შსს კვლავ მოუწოდებს დემონსტრანტებს, დაიშალონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მათ „სპეციალური საშუალებების“ გამოყენებით ემუქრება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG