Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემონსტრანტების ნაწილმა ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტა და მსვლელობას მართავს


პროევროპული პროტესტის მეოთხე დღე
პროევროპული პროტესტის მეოთხე დღე

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი დემონსტრანტების დიდმა ჯგუფმა ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტა მას შემდეგ, რაც მათ, დაშლის მიზნით, პოლიცია დაედევნა და რესპუბლიკის მოედანი და კოსტავას ქუჩა ჩაუკეტა.

აქციის მონაწილეებმა ფეისბუქზე ჩართეს პირდაპირი ეთერები, რომლებშიც ჰყვებიან, რომ „ალყაში მოქცევის შემდეგ ბარნოვის ქუჩიდან წავიდნენ და ასე მოხვდნენ ჭავჭავაძეზე". ისინი ვაკის პარკის მიმართულებით მართავენ მსვლელობას და მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ პროტესტს.

„ჩიხში მოქცევა იყო შოკი", - ამბობს ეკა ღლონტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადასცემს ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ ვითარებას.

პერიოდულად იძაბება მდგომარეობა მეტრო "რუსთაველის" მიმდებარედ და მის შიგნით, სადაც ამ დრომდე რჩება აქციის მონაწილეების ნაწილი. პოლიციამ მეტროში თავშეფარებული რამდენიმე მოქალაქე დააკავა კიდეც.

2 დეკემბრის ღამეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონსტრანტების დაშლის განსხვავებულ ტაქტიკას მიმართა. ცრემლმდენი გაზის გამოყენებისა და გამოდევნების შემდეგ რუსთაველის გამზირიდან უკანდახეულ აქციის მონაწილეებს გადაკეტილი დახვდათ რესპუბლიკის მოედანი და კოსტავას ქუჩა, მეტრო "რუსთაველის" ზევით.

დემონსტრანტების ნაწილმა მეტრო „რუსთაველს“ შეაფარა თავი. მათ პოლიცია მეტროშიც დაედევნა. აქციის მონაწილეები დააკავეს რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ. დაკავებულთა ზუსტი სტატისტიკა უცნობია.

სპეცრაზმელები განთავსდნენ რესპუბლიკის მოედანზე. ადგილზე მიიყვანეს წყლის ჭავლის მანქანაც. აქციის მონაწილეები მეტრო "რუსთაველის" მიმდებარე პატარა ქუჩებზე გაიფანტნენ.

პოლიციელების ავტომობილებიდან ისმის მოწოდება: „ჩადით მეტროში".

დემონსტრანტთა ნაწილი დარჩა რუსთველის ძეგლის მახლობლად, მათ პოლიციელები მეგაფონის გამოყენებით მოუწოდებდნენ ტერიტორიის დატოვებისკენ.

აქციის დაშლის აქტიური ფაზა 2 დეკემბრის 02:00 საათიდან დაიწყო. შსს-მ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლის მანქანა, წიწაკის სპრეი.

ამის შემდეგ, დილით 06:30 სთ-მდე, რუსთაველის გამზირის ორ მონაკვეთზე მომიტინგეებს აღმართული ჰქონდათ ბარიკადები, ანთებდნენ ცეცხლს და მათი მისამართით გასროლილ ცრემლმდენი აირის კაფსულებს პლასტმასის ბოთლებში აგროვებდნენ.

სპეცრაზმელები ცრემლმდენი გაზის გამოყენების პარალელურად აკავებდნენ დემონსტრანტების ნაწილს.

მანამდე სამი საათის განმავლობაში, პოლიცია წყლის ჭავლს იყენებდა პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რათა მათთვის შენობასთან მიახლოებაში შეეშალა ხელი. პარლამენტის შენობიდან გამოტყორცნილი ჭავლი მიმართული იყო ასევე ჭიჭინაძის ქუჩაზე შეკრებილებისკენაც.

არჩევნების სადავო შედეგებთან დაკავშირებულმა საპროტესტო აქციებმა განსაკუთრებით მასშტაბური სახე მიიღო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი, რაც აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG