Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსებო არ დაგითმობთ საქართველოს“ - გორში საპროტესტო მსვლელობები გაიმართა


საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები გორში. 2024 წლის 1 დეკემბერი
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები გორში. 2024 წლის 1 დეკემბერი

1 დეკემბერს, გორში პარალიზებული იყო ქალაქის ცენტრალური ქუჩები. სტუდენტები, მოსწავლეები, მათი მშობლები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ჯერ ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ და შემდეგ ქალაქში მსვლელობები მოაწყვეს.

დემონსტრანტებს თან ჰქონდათ ევროკავშირის და ნატოს დროშები.

რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო სტალინის, ჭავჭავაძის, მშვიდობის და წერეთლის ქუჩები.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ ახალგაზრდები საქართველოს "გარუსებას" არასდროს შეეგუებიან.

მსვლელობის მონაწილეები პარტია “ქართული ოცნების” ოფისთანაც მივიდნენ, შეძახილებით: „რუსებო არ დაგითმობთ საქართველოს“, შემდეგ კი აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალთან გადაინაცვლეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას.

„ჩვენ თუ ვინმესთან ბოდიში გვაქვს მოსახდელი, ესენი არიან ჩვენი გმირები. ბოდიში იმისთვის, რომ ივანიშვილმა გორში გაბედა და ოკუპანტებს შეუთვალა ბოდიში. გორი ოკუპანტების წინაშე არასოდეს მოიხდის ბოდიშს. ყოველთვის გვემახსოვრება მათი ბომბები“, - თქვა გორის უნივერსიტეტის სტუდენტმა რუსკა ბუზიაშვილმა.

საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდები გორში. 2024 წლის 1 დეკემბერი
საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდები გორში. 2024 წლის 1 დეკემბერი

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები მივიდნენ გორის პოლიციასთანაც, სადაც წინასწარი დაკავების იზოლატორია. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს სპეცრაზმელების მიერ თბილისში ნაცემ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს და დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვეს.

მსვლელობა გაგრძელდა გორის უნივერსიტეტისკენ, სადაც აქციის მონაწილეებმა სტუდენტებს გამოფხიზლებისა და თანადგომისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, დროა სტუდენტებმა დაამარცხონ გიორგი სოსიაშვილის "დიქტატურა".

გორის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიორგი სოსიაშვილი პარლამენტის დეპუტატია მმართველი პარტია "ქართული ოცნებიდან".

დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ აქციებს არ შეწყვეტენ, სანამ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება და საქართველო ისევ არ დაადგება ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას.

2 დეკემბერს, გორის რამდენიმე სკოლის მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესის ჩაშლას და ქუჩებში მსვლელობას გეგმავენ.

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე საპოლიციო ძალებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია სამჯერ დაშალეს ძალის და სპეცსაშუალებების გამოყენებით და 150-ზე მეტი პირი დააკავეს. სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს.

შსს ირწმუნება, რომ ძალა დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის პასუხად გამოიყენა. ძალა გამოყენებული იყო აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG