მესამე დღეა კახეთის მუნიციპალურ ცენტრებში საპროტესტო აქციებია ევროკავშირთან ინტეგრაციის აღდგენის და ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნებით.
დღეს, 1 დეკემბერს ათეულობით მოქალაქემ ახმეტაში მსვლელობა გამართა, შემდეგ კი მუნიციპალიტეტის მერიასთან შეიკრიბნენ.
„ჩვენ გიორგი ანწუხელიძის მშობლიური მხარიდან ვართ. მას ტყუილად არ უბრძოლია და თავი არ შეუწირავს. ჩვენ გვინდა ევროპა... დღეს საქართველოს ჰყავს არალეგიტიმური მთავრობა და პარლამენტი, რომლებიც ძალადობენ თავის მოქალაქეებზე”, - უთხრა ჟურნალისტებს აქციის მონაწილე მაია ჩაგოშვილმა.
თელავის თეატრთან აქცია გამართეს სამოქალაქო აქტივისტებმა, უნივერსიტეტის ლექტორების ნაწილმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. მათ თბილისში, დემონსტრანტების მიმართ ძალადობაც გააპროტესტეს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ნინო გოგიაშვილის განცხადებით, დღეს როცა საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ქვეყნის მისწრაფებაა ევროკავშირში ინტეგრაცია და ეს ხელშესახები გახდა, მთავრობამ ამ გზას გადაუხვია.
„გაიღვიძე საგარეჯო!", „არა რუსეთს, კი ევროპას!" - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით მოქალაქეები შეიკრიბნენ საგარეჯოს ცენტრალურ მოედანზეც.
თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე საპოლიციო ძალებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია სამჯერ დაშალეს ძალის და სპეცსაშუალებების გამოყენებით და 150-ზე მეტი პირი დააკავეს. სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს.
შსს ირწმუნება, რომ ძალა დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის პასუხად გამოიყენა. უფლებადამცველი ორგანიზაციები და სახალხო დამცველი აცხადებენ, რომ ძალა გამოყენებული იყო აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგაც.
ფორუმი