საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 1 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მედიის მიერ გავრცელებული კადრები კარგად ვერ ასახავს რაც ადგილზე ხდება.
მისი სიტყვებით, ბევრს ჰქონია, რომ პარლამენტში არ შეჭრილან და დემონსტრანტებმა მხოლოდ მის ფასადზე დატოვეს საღებავებით წარწერები. პაპუაშვილმა თქვა, რომ ეს ასე არ არის და ამის დასტურად პრესკონფერენციაზე გაუშვა პარლამენტის დაზიანებული ოთახების კადრები და ჩამოთვალა რა დაზიანდა მისი სიტყვებით, “წუხანდელი თავდასხმის" შედეგად:
- პარლამენტში დაზიანებულია 48 სამუშაო ოთახი;
- ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან პარლამენტის ქვედა სართულების თითქმის ყველა ფანჯარა;
- დაზიანებულია სხვადასხვა სახის საოფისე ტექნიკა;
- დამწვარია პარლამენტის ხის კარი ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან;
- განადგურდა პარლამენტის ცენტრალური კორპუსის გათბობა-გაგრილების აგრეგატები;
- დაზიანდა სასაწყობე სივრცეები;
- სასწავლო ცენტრის კომპიუტერული ლაბორატორია;
- სრულად განადგურებულია პარლამენტის კაფეტერია, რომლოის ფანჯრებიც გადიოდა ჭიჭინაძის ქუჩაზე.
ასევე, შალვა პაპუაშვილის თქმით, დაზიანების გამო გათიშულია პარლამენტის გარე განათებას.
პარლამენტის თავჯდომარის განცხადებით, აქცია დაწყებიდან მალევე გადადის ვანდალიზმში და ძალადობაში პოლიციელების მიმართ.
“პოლიცია კი მხოლოდ მრავალჯერადი გაფრთხილების მერე იწყებს კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებების გამოყენებას. ამ დროს მიზანი არა აქციის დაშლა, არამედ ძალადობის შეწყვეტაა”, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ საქართველოში შეკრების და მანიფესტაციის უფლება დაცულია, თუ ის მშვიდობიან ხასიათს ატარებს.
თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
საპროტესტო აქციებზე ბოლო დღეების განმავლობაში დაკავებულია 150 ადამიანი.
მათ მიმართ პოლიცია იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრესი და ე.წ. გაზის კაფსულებს.
მხოლოდ წუხელ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას (30 ნოემბრის ღამიდან 1 დეკემბრის დილამდე) 44 ადამიანი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 44 დაშავებულიდან 27 აქციის მონაწილეა, 1 მედიასაშუალების წარმომადგენელი და 16 შსს-ს თანამშრომელი.
შსს ირწმუნება, რომ ძალა დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის პასუხად გამოიყენა. უფლებადამცველი ორგანიზაციები და სახალხო დამცველი აცხადებენ, რომ ძალა გამოყენებული იყო აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგაც.
ფორუმი