ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” მოითხოვს, აქციაზე დაკავებული მათი უფროსი მკვლევარი შოთა ნარსია დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან და ის სასწრაფოდ გადაიყვანონ სამედიცინო დაწესებულებაში.
შოთა ნარსია 2024 წლის 1 დეკემბრის გამთენიისას, მედიაში გავრცელებული კადრებით 01:39 საათზე, ძმები ზუბალაშვილებისა და ლესია უკრაინკას ქუჩების მიმდებარედ დააკავეს.
“სამართლიანი არჩევნები” წერს, რომ პოლიციის მიერ, სავარაუდოდ, გაზის გამოყენების შემდეგ, მას სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები დაესხნენ თავს. უკნიდან კეფაში ჩაარტყეს, რა დროსაც ის წაიქცა. ხოლო როცა წამოდგომას ცდილობდა, კვლავ ჩაარტყეს ფეხი და მიწაზე საკმაოდ დიდ მანძილზე ათრიეს.
“გაქცევის მცდელობის დროს გაეკიდნენ, მიიმწყვდიეს კედელთან და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. დაზიანებები მიაყენეს თირკმლის და ხერხემლის მიდამოებში. მას შემდეგ რაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააკავეს, მიუხედავად იმისა, რომ მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, რაც მედიაში გავრცელებული კადრებიდანაც ნათლად ჩანს”, - წერია “სამართლიანი არჩევნების” განცხადებაში.
შოთა ნარსიამ ადვოკატს მოუთხრო, რომ ის განსაკუთრებული სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი გახდა მას შემდეგ, რაც პოლიციელებისთვის მისი სამუშაო ადგილის შესახებ გახდა ცნობილი.
ის უკვე მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც.
ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შეწყვეტის არაერთი მოწოდების მიუხედავად, შსს აგრძელებს არაპროპორციული ძალის განსაკუთრებული სისასტიკით გამოყენებას და აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავებებს.
სწორედ ამიტომ, “სამართლიანი არჩევნები” მოითხოვს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დროულად შეისწავლოს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი და მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი ზომები.
“ორგანიზაცია მზად არის საგამოძიებო სამსახურს მიაწოდოს იმ პოლიციელების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც ჩართული იყვნენ უკანო ქმედებებში”, - წერს “სამართლიანი არჩევნები.
თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
ფორუმი