აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს, FBI-ის დირექტორის პოსტზე წარადგინა თავისი მრჩეველი კეშ პატელი. ახლა პატელის კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს.
„კეში არის ბრწყინვალე იურისტი, გამომძიებელი და [მოძრაობა] ‘ამერიკა უპირველეს ყოვლისას’ მებრძოლი, რომელმაც თავისი კარიერა მიუძღვნა კორუფციის გამოვლენას, სამართლიანობისა და ამერიკელი ხალხის დაცვას“, - წერს ტრამპი თავის სოცქსელ Truth Social-ში.
პატელი ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს თეთრ სახლში მუშაობდა. მან საკვანძო როლი ითამაშა 2016 წლის არჩევნების წინ რუსეთთან ტრამპის კავშირების თაობაზე ბრალდებების უარყოფაში.
ტრამპმა უკვე თავის გადადგომამდე წამოაყენა წინადადება, FBI-ის ხელმძღვანელად პატელის დანიშვნის შესახებ 2021 წელს. მაშინ პატელი გამოვიდა ინიციატივით, FBI-დან გაეთავისუფლებინათ ყველა ის თანამშრომელი, რომელიც არ იზიარებდა ტრამპის შეხედულებებს და დაეხურათ განყოფილებები, რომლებიც აგროვებენ სადაზვერვო მონაცემებს.
პატელი 1980 წელს დაიბადა გარდენ-სიტიში, ნიუ-იორკის შტატში, ინდოელი ემიგრანტების ოჯახში. 2005 წელს სამართლის სკოლის დამთავრების შემდეგ ის რვა წლის განმავლობაში მუშაობდა ფლორიდაში სახელმწიფო ადვოკატად. იცავდა მძიმე დანაშაულებში ბრალდებულთა ინტერესებს. 2014 წელს პატელმა მუშაობა დაიწყო იუსტიციის სამინისტროში და 2017 წელს დაინიშნა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის უფროს მრჩევლად.
2020 წლის ნოემბერში ტრამპმა პატელი თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, კრისტოფერ მილერის შტაბის უფროსად დანიშნა პენტაგონის ხელმძღვანელის, მარკ ესპერის გათავისუფლების შემდეგ.
პატელმა დააარსა ფონდი, რომელიც ფინანსურ დახმარებას უწევს მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს, იურიდიული დაცვის ფონდებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს. ის შედის Trump Media Technology Group-ის დირექტორთა საბჭოში.
ფორუმი