Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების პროდიუსერი პოლიციამ პარლამენტთან დააკავა


ბექა ბერაძე
ბექა ბერაძე

ბოლო ოთხი საათია [03:00 საათიდან] რადიო თავისუფლება უშედეგოდ ცდილობს, გაარკვიოს, სად არის მისი თანამშრომელი, ბექა ბერაძე, რომელიც მედიაგამოცემის პროდიუსერია. ის პოლიციამ დააკავა პარლამენტის უკანა შესასვლელთან, აქციის მიმდინარეობის დროს.

რადიო თავისუფლებას აქვს ვიდეომასალა, რომელშიც ბექა ბერაძე დაკავებამდე პოლიციელებს ეკითხება - რაზე არ დაემორჩილა მათ. ბექა პარლამენტთან მდებარე ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე დააკავეს. ის რამდენიმე ასეულ მეტრში, ამაღლების ქუჩაზე ცხოვრობს.

ბექა ბერაძე დაკავებამდე ძმასთან და მეგობართან ერთად იყო. ძმა თორნიკე ბერაძე რამდენიმე წუთით ადრე დააკავა პოლიციამ. თორნიკე ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი - ამის შესახებ პოლიციიდან ოჯახს შეატყობინებს. ბექა ბერაძის ადგილსამყოფელი კი უცნობია.

მესამე ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო. „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

მხოლოდ პირველ-ორ ღამეს პოლიციამ 150-მდე ადამიანი დააკავა. დაკავების დროს პოლიციელები აქციის მონაწილეებზე ძალადობდნენ. დაშავებულებსა და დაკავებულებს შორის იყვნენ ჟურნალისტებიც. 30 ოქტომბრისა და 1 დეკემბრის ღამეს დაკავებულების შესახებ ინფორმაცია შსს-ს ჯერ არ გაუვრცელებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციის მონაწილეების ქმედებების გამო დაშავდა მათი 42 თანამშრომელი. აქციის მონაწილეები პოლიციელების წინააღმდეგ იყენებენ პიროტექნიკას.

განახლება

რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ბექა ბერაძე საგარეჯოს წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა. როგორც ადვოკატმა გვითხრა, ის ნაცემია და პოლიცია მას ედავება წვრილმან ხულოგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG