ამის შესახებ 30 ნოემბერს იტყობინება ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA და მოჰყავს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, ანდრეი ბელოუსოვის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის დეტალები.
კიმმა თავის განცხადებაში, რომელიც მოჰყავს KCNA-ს, ახსენა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, რომელსაც მან მოაწერა ხელი მიმდინარე წლის ივნისში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად. შეთანხმებები მოიცავს თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში.
ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტოს ანგარიშში არ არის ნათქვამი, განიხილა თუ არა კიმ ჩენ ინმა რუსეთის მინისტრ ანდრეი ბელოუსოვთან შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პერსონალის რუსეთში განლაგების საკითხი. მანამდე სხვადასხვა წყარო, მათ შორის სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურები, იტყობინებოდნენ, რომ ფხენიანმა მინიმუმ 10 ათასი ჯარისკაცი გააგზავნა რუსეთში, მათ შორის კურსკის რეგიონში, საიდანაც რუსეთის არმია ცდილობს განდევნოს უკრაინის შეიარაღებული ძალები.
ამასთან, მოჰყავთ კიმ ჩენ ინის სიტყვები ბელუსოვთან საუბარში, რომ უკრაინის მიერ ახლახან მიღებული ნებართვა, გამოიყენოს დასავლური შორსმსროლელი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე დარტყმებისთვის, არის „აშშ-ის პირდაპირი სამხედრო ჩარევის შედეგი“ და რომ მოსკოვს აქვს თავდაცვის უფლება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანდრეი ბელოუსოვმა მიიწვია ჩრდილოეთ კორეის ჯარები 2025 წელს მოსკოვში 9 მაისის აღლუმში მონაწილეობის მისაღებად.
მსოფლიო მედიის უმეტესობა წყაროებზე დაყრდნობით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დასავლური იარაღით დარტყმის ნებართვას უკავშირებს სწორედ ათასობით ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო მოსამსახურის ფრონტზე გაგზავნას რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ.
მოსკოვს პირდაპირ არც დაუდასტურებია და არც უარუყვია ჩრდილოეთ კორეის სამხედროების ყოფნა რუსეთის ტერიტორიაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შესაბამისობაში იქნებოდა ხელშეკრულების დებულებებთან, რომელიც ითვალისწინებს მხარეების სამხედრო და სხვა სახის ურთიერთდახმარებას მათ წინააღმდეგ მესამე მხარიდან წამოსული აგრესიის შემთხვევაში.
ფორუმი