Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვგმობთ კოლეგებზე ძალადობას - ჟურნალისტებმა აქცია გამართეს ზუგდიდში


აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ სპეცრაზმის მიერ ნაცემი ჟურნალისტის ფოტოები.
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ სპეცრაზმის მიერ ნაცემი ჟურნალისტის ფოტოები.

ზუგდიდში მედიის წარმომადგენლებმა დაგმეს სპეცრაზმის და პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების ცემისა და ძალადობის ფაქტები. ამასთან, მათ სოლიდარობა გამოუცხადეს დაშავებულ კოლეგებს.

აქციის მონაწილეების თქმით, ჟურნალისტები ხელშეუხებელი არიან ომის პირობებშიც და დაუშვებელია ის, რაც მოხდა დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებზე.

“ჟურნალისტებზე იძალადეს ისე, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. მოვუწოდებ ყველას, ვისაც ეს ეხება, ხელისუფლებას, სამართალდამცავებს, რომ ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობისას ხელი არ შეეშალოთ. ჟურნალისტი ომის დროსაც, მიკროფონით და კამერით, არის ხელშეუხებელი. აქ კი ჩვენ ვნახეთ, რომ ადამიანები დაასახიჩრეს. ეს არის სრულიად მიუღებელი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადგილობრივი რადიო “ათინათის” ჟურნალისტმა, მაია ფიფიამ.

ტელეკომპანია “ფორმულის” კორესპონდენტის, დავით მანიას სიტყვებით, ყველა მოძალადე პოლიციელი მკაცრად უნდა დაისაჯოს:

“იმედი მაქვს, სათანადოდ დაისჯება ყველა ის მოძალადე და ჯალათი. ასევე დაისჯებიან ამ ბრძანების გამცემი პირები და ის პირებიც, ვინც ამ ჯალათებს მადლობას უხდის ძალადობისთვის. ვგულისხმობ ირაკლი კობახიძეს”, - თქვა დავით მანიამ.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ სპეცრაზმის მიერ ნაცემი ჟურნალისტის ფოტოები.

დღესვე ზუგდიდში იმართება მორიგი საპროტესტო მსვლელობა, სადაც სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ამ წუთებში აქციის მონაწილეები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან იკრიბებიან, მოგვიანებით კი გეგმავენ მსვლელობას ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში.

29-30 ნოემბერს, გვიან ღამით, რუსთაველის გამზირზე პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციაზე პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, წინა ღამის მსგავსად, ჟურნალისტებიც დაშავდნენ. პოლიციის თანამშრომლები ჟურნალისტებზე ფიზიკურად ძალადობენ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელს მიზანმიმართულად უშლიან.

უფლებადამცველების შეფასებით, დაკავებისას პოლიცია იყენებს არაპროპორციულ და ხშირად გაუმართლებელ ძალას. საპოლიციო ძალები ხელს უშლიან მედიის მუშაობას და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ჟურნალისტების წინააღმდეგ.

სახალხო დამცველის განცხადებით, „შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG