Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში გაიმართა მედიის მხარდასაჭერი აქცია


გორში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციასთან ადგილობრივმა ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

მათ ხელში ეკავათ თბილისში საპროტესტო აქციების დროს დაშავებული ჟურნალისტების ფოტოები. ისინი გმობენ ძალადობას, რომელიც კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ ხორციელდება ამ დღეებში.

"მივმართე პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლებს, ისინი ახლა სპეცრაზმელებზე უფრო სასტიკად უსწორდებიან კოლეგებს, რადგან სწორედ ისინი აძლიერებენ ახლა ამ ჯგუფებს. მათი დუმილია ახლა საგანგაშო და რეჟიმის გაძლიერება", - ამბობს "ფორმულის" ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი.

"შემთხვევითი არ არის ის, რომ ახლა ყველაზე სასტიკად უსწორდებიან, სასტიკად გაიმეტეს ისინი, რადგან მათ აღარ გააშუქონ ის ამბები, რაც ქვეყანაში ხდება. ეს არის საზოგადოების დაშინების მცდელობა, რაც მათ არ გაუვათ. ერთ ჟურნალისტს სცემენ - სხვა გავა მოვლენების გასაშუქებლად", - ამბობს "მთავარი არხის" ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი.

გორში კიდევ ერთი საპროტესტო აქცია 17 საათზე ადმინისტრაციულ შენობასთან გაიმართება, იქიდან კი აქციის მონაწილეები თბილისში გაემგზავრებიან.

29-30 ნოემბერს, გვიან ღამით, რუსთაველის გამზირზე პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციაზე პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, წინა ღამის მსგავსად, ჟურნალისტებიც დაშავდნენ. პოლიციის თანამშრომლები ჟურნალისტებზე ფიზიკურად ძალადობენ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელს მიზანმიმართულად უშლიან.

უფლებადამცველების შეფასებით, დაკავებისას პოლიცია იყენებს არაპროპორციულ და ხშირად გაუმართლებელ ძალას. საპოლიციო ძალები ხელს უშლიან მედიის მუშაობას და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ჟურნალისტების წინააღმდეგ.

სახალხო დამცველის განცხადებით, „შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG