Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება აჭარის ტელევიზიის შენობასთან


აქციაზე მყოფი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აგრძელებენ უწყვეტ საპროტესტო აქციას ბათუმში.
აქციაზე მყოფი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აგრძელებენ უწყვეტ საპროტესტო აქციას ბათუმში.

აჭარის ტელევიზიის შენობასთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია პირდაპირი ეთერის მოთხოვნით.

„დაუთმონ პირდაპირი ეთერი პოლიტიკურ სუბიექტებს. აჭარის ტელევიზია არ ასახავს რეალობას“, - გვითხრა აქციის ერთ ერთმა ორგანიზატორმა, სამოქალაქო აქტივისტმა ციალა ქათამიძემ.

აქციაზე მყოფი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აგრძელებენ უწყვეტ საპროტესტო აქციას ბათუმში და დღეს 18:00 საათზე ევროპის მოედანზე განაგრძობენ პროტესტს.


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ლადო ტატიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ტელევიზია უწყვეტ პირდაპირ ეთერში გადასცემს საპროტესტო აქციებს და აქციის მონაწილეთა გამოსვლას: „ჩართონ ტელევიზორი და დაინახავენ, ჩვენ ახლაც პირდაპირ ეთერში გადავცემთ აქციას. ამასთან, ჩვენ სოლიდარულები ვართ ჩვენი კოლეგების, ჟურნალისტების მიმართ და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას“.

რაც შეეხება სტუდიური პირდაპირი ეთერის პოლიტიკოსებისთვის დათმობის მოთხოვნას, ლადო ტატიშვილი ამბობს, აჭარის ტელევიზიას დღეს ამ ფორმატის გადაცემა არ აქვს.

გუშინ, 29 ნოემბერს, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 9 მოქალაქე დააკავა, მოგვიანებით 2 გაათავისუფლა, 7 კი რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორებში. საპროტესტო აქციები ბათუმში 28 ნოემბერს დაიწყო.

ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG