საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება თბილისში ბოლო ორ დღეში სამართალდამცველების მიერ პროევროპული აქციების დაშლას და შეშფოთებას გამოხატავს ძალის გადამეტების შესახებ ცნობებზე ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ.
„საფრანგეთი ყურადღებით ადევნებს თვალს ვითარებას საქართველოში. შეშფოთებულები ვართ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დევნის შესახებ ცნობებით და მოვუწოდებთ მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების პატივისცემისკენ. ფუნდამენტური თავისუფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს დაცული“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნდა. ტექსტის თარგმნილი ვერსია საქართველოში საფრანგეთის საელჩომ გაავრცელა.
ამავე განცხადებით, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, „საფრანგეთი გააგრძელებს მტკიცე კავშირების შენარჩუნებას საქართველოს მოსახლეობასთან და მისი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას, რომლებსაც არ უნდა უღალატონ“.
29-30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო და გამთენიამდე გააგრძელა. 06:15 საათისთვის პოლიციელებმა რესპუბლიკის მოედნამდე სდიეს დემონსტრანტებს.
შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაკავებულია 107 პირი, რომლებსაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
შსს ამბობს, რომ დაშავდა 10 პოლიციელი, დაშავებული დემონსტრანტების ზუსტი რიცხვი უცნობია.
აქციის დასაშლელად გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი. აქციის მონაწილეები პოლიციელების მხრიდან განსაკუთრებულ სისასტიკეზე ჰყვებიან. ვრცელდება მონათხრობის ამსახველი კადრებიც.
29-30 ნოემბერს, გვიან ღამით, რუსთაველის გამზირზე პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციაზე პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, წინა ღამის მსგავსად, ჟურნალისტებიც დაშავდნენ. პოლიციის თანამშრომლები ჟურნალისტებზე ფიზიკურად ძალადობენ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელს მიზანმიმართულად უშლიან.
უფლებადამცველების შეფასებით, დაკავებისას პოლიცია იყენებს არაპროპორციულ და ხშირად გაუმართლებელ ძალას. საპოლიციო ძალები ხელს უშლიან მედიის მუშაობას და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ჟურნალისტების წინააღმდეგ.
სახალხო დამცველის განცხადებით, „შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები“.
ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პროტესტის პირველ დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ 43 ადამიანი დააკავეს.
ფორუმი